სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამებით 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
გამოწერა
მიკროგრანტების პროგრამების რეალიზაციის პერიოდში (2015-2022 წლები) დაფინანსდა 8.209 პროექტი, შეიქმნა 21.185 სამუშაო ადგილი, ხოლო გრანტების თანხა 91 მლნ ლარს აჭარბებს.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამებით თითქმის 10 წლის განმავლობაში 11 ათასამდე პროექტი დაფინანსდა და 60 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა პროგრამის ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
ანგარიშში წარმოდგენილი იყო სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასება, რომლებიც ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს ეყრდნობა.
ანგარიში ათასამდე ბენეფიციარისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადდა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის, ექსპორტის მხარდაჭერის, სესხის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარები.

„რომ არა ეს პროგრამები, არ იქნებოდა 60.000 ახალი სამუშაო ადგილი, არ იქნებოდა 2,7 მილიარდი ლარის პორტფელი, რომლის სტიმულირებაც ამ ადამიანებმა მოახდინეს. ამასთან, ექსპორტზე ვერ გავიდოდნენ კომპანიები, რომლებმაც ეს ჩვენი ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით მოახერხეს", – განაცხადა ხიდურელმა.

მისი თქმით, მთავარ კითხვაზე – შეძლებდნენ თუ არა კომპანიები სააგენტოს დახმარების გარეშე ამ შედეგების მიღწევას, გრანტის ან სესხის აღებას, ბენეფიციარების უმეტესობამ უპასუხა, რომ ან ვერ შეძლებდნენ, ან შეძლებდნენ ორი წლის შემდეგ.
„ეს ნიშნავს, რომ „აწარმოე საქართველოში" პროგრამები ბიზნეს-მფლობელების სტიმულირებას ახდენს იმისთვის, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილებები ბიზნესის დასაწყებად და გასაფართოებლად", – განაცხადა ხიდურელმა.
ანგარიშის მიხედვით, მიკროგრანტების პროგრამის განხორციელების პერიოდში (2015-2022 წლები) დაფინანსდა 8.209 პროექტი, შეიქმნა 21.185 სამუშაო ადგილი, გრანტების მოცულობა 91 მილიონ ლარს აჭარბებს.
პრემიერმა ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე ანგარიში წარმოადგინა>>
სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში (2014-2022 წლებში) დაფინანსდა 1.547 პროექტი, შეიქმნა 33.000-მდე სამუშაო ადგილი, სესხის მოცულობა კი 1,7 მილიარდ ლარს შეადგენს.
ამ მონაცემებით, სააგენტოს მიერ გაცემულ ყოველ 1 ლარზე ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს. მთლიან შიდა პროდუქტში კი 1 ლარის კონტრიბუცია 4,2 ლარს შეადგენს.
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის მხარდაჭერით დაფინანსებულია 722 პროექტი (2020-2022 წლები), შექმნილია 11 ათასამდე სამუშაო ადგილი, გაცემული სესხების მოცულობა კი 574 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამას, მისი განხორციელების პერიოდში 2014-2022 წლებში სააგენტოს მხარდაჭერით ბენეფიციარებმა საკუთარი პროდუქცია 114 საერთაშორისო ღონისძიებასა და გამოფენაზე წარადგინეს, სააგენტომ 813-ჯერ დააფინანსა კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა, ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 418 ექსპორტის მენეჯერი, ხოლო TRADEWITHGEORGIA.COM-ზე რეგისტრირებულ კომპანიათა რაოდენობა 800-ს მიუახლოვდა.
როგორ მოქმედებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები ეკონომიკაზე>>
„აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
ყველა ახალი ამბავი
0