დეპუტატი ჩაშლილ Tbilisi Pride-ზე: სიცოცხლისა და წესრიგის დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია

© photo: Sputnik / Stringerსამართალდამცველები
სამართალდამცველები - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2023
გამოწერა
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „თბილისი პრაიდის“ ჩაშლის შეფასებისას განაცხადა, რომ პოლიციამ ფესტივალის ჩატარება ვერ უზრუნველყო.
თბილისი 10 ივლისი — Sputnik. როდესაც ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე არსებობს, სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტია მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე მართლწესრიგის დაცვა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით.
ლგბტ-თემის ფესტივალი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ, დახურულ ტერიტორიაზე შაბათს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით აგრესიულმა მოწინააღმდეგემ პოლიციის დერეფანი გაარღვია. სამართალდამცავები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ ფესტივალის მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი სხვადასხვა საგნებით იყო შეირაღებული.

„ფიზიკური დაპირისპირების მაღალი ალბათობა როცა არსებობს, სახელმწიფოს და სამართალდამცველების უპირველესი მოვალეობა, პრიორიტეტია – დაიცვან მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დაიცვან მართლწესრიგი", – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, სიტუაციის გამწვავების მაღალი რისკის გამო პოლიცია ამ ამოცანის გარშემო სრულად იყო მობილიზებული.
„შესაბამისად, იმის გამო, რომ ესკალაციის მაღალი რისკი არსებობდა, პოლიცია იყო სრულად მობილიზებული ამ ამოცანის გარშემო. დანარჩენი უკვე შეფასებების საგანია", – აღნიშნა დეპუტატმა.
აქციის დროს პოლიციამ დააკავა Tbilisi Pride-ის ფესტივალის ორი მოწინააღმდეგე, რომლებიც ლისის ტბის ტერიტორიაზე ღონისძიების ჩაშლაში მონაწილეობდნენ – ორი მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
პაპუაშვილი: პრეზიდენტი პოლიციის კრიტიკას ახალისებს>>>
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ღონისძიების ჩაშლის მთავარ მიზეზად დაასახელა კონტრაქციის დიდი რაოდენობით მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სირთულე.
საქართველოს პრეზიდენტმა ლგბტ-თემის მხარდამჭერი Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო ფესტივალის ჩატარება. მოგვიანებით პოლიციის ქმედება საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.
პრეზიდენტის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ახალისებს იმას, რომ უცხოელმა ელჩებმა პოლიციის ქმედებები გააკრიტიკონ. სპიკერის თქმით, პოლიციამ, მართალია, ვერ უზრუნველყო ღონისძიების ჩატარება, მაგრამ პრიორიტეტები სწორად დასახა და იზრუნა მთავარზე – ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0