გაძვირდება თუ არა პური - ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Stringerპური
პური - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
მიზნობრივი ფასი განსაზღვრულია პურის მწარმოებელთა და წისქვილკომბინატების შეთანხმებით, განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. პურის ღირებულების გაზრდის პრობლემა საქართველოში უახლოეს თვეებში არ იქნება, განაცხადა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ამასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
12 ივნისიდან ქვეყანაში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი 1 კილოგრამზე 20 თეთრით დაბეგვრას ექვემდებარება.
მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად მიიღო, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციის პრობლემები შეექმნათ მასზე მოთხოვნის არარსებობის გამო. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, თუ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებს.

„მიზნობრივი ფასია დასახელებული – 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე 52 ლარი. ეს დღეს სრულდება. ბაზარზე ამაზე ნაკლები ფასია. შესაბამისად, პურის ფასის მიმართ გამოწვევები არ არის. ვფიქრობთ, უახლოესი თვეების განმავლობაში ეს გამოწვევა არ იარსებებს. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობა პირნათლადაა შესრულებული”, – განაცხადა სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მიზნობრივი ფასი პურის მწარმოებელთა და წისქვილკომბინატების შეთანხმებით განისაზღვრა.
სილაგავამ აღნიშნა, რომ წისქვილკომბინატები, მთავრობასთან შეთანხმებით, პირველი ხარისხის ფქვილის ფასებს ადგილობრივ ბაზარზე ფასების შესაბამისი ზღვრის ქვევით უზრუნველყოფენ. მეორე პირობაა, რომ წისქვილმა ქართველი ფერმერებისგან მაქსიმალური რაოდენობის ხორბალი უნდა შეისყიდონ როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის.
სილაგავას ინფორმაციით, წისქვილებმა გასული წლის მოსავლის სასურსათო ხორბალი მაქსიმალური რაოდენობით უკვე მიიღეს.
ფქვილზე გადასახადმა არ უშველა - ქართველი ფერმერები ხორბალს დღემდე ვერ ყიდიან>>
„ახლა ახალი მოსავლის აღება მიმდინარეობს. შემიძლია ვთქვა, რომ ინტენსიურმა წვიმებმა მოსავალს გარკვეული დაღი დაასვა. გარკვეულ რაოდენობას ხარისხობრივი მაჩვენებელი გაუფუჭდა და არასაურსათო ხორბალში გადავიდა. ფერმერებს ეს გამოწვევა რჩებათ“, – განაცხადა სილაგავამ.
მისი თქმით, ხორბლის აღება ერთ კვირაში აქტიურ ფაზაში შევა როგორც კახეთში, ისე ქვემო და შიდა ქართლში.
„თუ ამინდმა გარკვეული სიურპრიზები არ შემოგვთავაზა, მოსავალს საკმაოდ კარგი პირი უჩანს. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ წისქვილები სასურსათო ხორბლის მოსავალს მთლიანად მივიღებთ, რა თქმა უნდა, ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე ამ პროგრამას პრობლემები არ ემუქრება“, – განაცხადა სილაგავამ.
რთული დრო
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
საქართველოში რუსეთიდან შემოტანილ ფქვილზე დროებითი გადასახადი ამოქმედდა>>
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.
ყველა ახალი ამბავი
0