საქართველოში 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerმობილური კავშირის 4G ქსელის ანტენები
მობილური კავშირის 4G ქსელის ანტენები - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებული იქნებიან 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები შემდგომი 3-7 წლის განმავლობაში.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა.
5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ-ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვ., რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

„აუქციონი 24 ლოტზე გამოცხადდა. აუქციონების ფარგლებში მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. აუქციონებში მონაწილეობის მიღებაზე ლიცენზიების მაძიებლების განცხადებების მიღება 12 ივლისის 09:00 საათიდან 28 ივლისის 17:00 საათამდე მოხდება", – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

5G ქსელების აგებისას ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.
ქსელის განვითარებასთან ერთად კომპანიები, რომლებიც მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებული იქნებიან მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი - MVNO საკუთარ ქსელზე დაუშვან.
კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით.
ვირტუალურ მობილურ ოპერატორებს ქართულ ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ექვსთვიანი ვადა აქვთ>>>
ამასთან, არჩევანის უზრუნველყოფისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშეც გამოაცხადოს.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადდა ოთხი აუქციონი ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან. ოთხივე კომბინირებული აბსტრაქტული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს.
პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 6.230.000 ლარი იქნება, მეორე კომბინირებული ლოტის – 2.530.900 ლარი, მესამე ლოტის – 2.593.800 ლარი, მეოთხე ლოტის კი – 2.656.700 ლარი.
ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებული იქნებიან 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები შემდგომი 3-7 წლის განმავლობაში.
2600 და 3600 მეგაჰერცის სიხშირეები უზრუნველყოფს ინტერნეტის სიჩქარის რამდენჯერმე გაზრდას მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, ხოლო 700 და 800 მეგაჰერცის სიხშირეები ძირითადად გამოყენებული იქნება მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვის მქონე დიდი სივრცეების დასაფარად.
გარდა ოთხი კომბინირებული ლოტისა, აუქციონი დამატებით კიდევ ცალკე მდგომ 20 ლოტზე გამოცხადდა. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და ზოლის სიგანის მიხედვით.
ევროკომისიამ Huawei და ZTE საფრთხეებად მიიჩნია>>>
ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონებიდან ერთ-ერთში მაინც.
ტექნოლოგიების სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის ევროკომისიამ 2020 წელს წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და მობილური ქსელების განვითარების მიზნით, მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს 5G-სთვის განკუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ლიცენზიების დროულ გაცემას და ფინანსურ შეღავათებს.
კომისიამ გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და შეიმუშავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურისთვის ფასდაკლების დაწესების შესაძლებლობა 5-20%-დან 80%-მდე გაიზარდა.
5G ტექნოლოგიის დასანერგად რეგულატორმა აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. 5G-ის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია Ernst & Young-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.
ყველა ახალი ამბავი
0