საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება გაიზრდება - პირველი აუქციონის შედეგები

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიმზის ელექტროსადგური
მზის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2023
გამოწერა
განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში 78 განაცხადი იყო წარმოდგენილი.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგები დაამტკიცა, სადაც 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით დაინერგა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
„კომპანიებთან უმოკლეს პერიოდში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპის ხელშეკრულებები გაფორმდება. 27 პროექტიდან 10 მზის, 2 ქარის, ხოლო 15 ჰიდროელექტროსადგურია“, - ნათქვამია განცხადებაში.
განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს 10 თებერვალს ჰქონდა გამოცხადებული, 78 განაცხადი იყო წარმოდგენილი. განაცხადების მიღება 2023 წლის 22 მარტს დაიწყო და 27 მარტს დასრულდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აუქციონის მიმართ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან იყო ძალიან მაღალი, ვინაიდან პირველი აუქციონის გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იყო 900 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის განცხადებები (300 მგვტ განაწილდა შემდეგნაირად: 150 მგვტ ჰესებზე, 70-70 მგვტ ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე და 10 მგვტ ენერგიის განახლებად წყაროებზე მომუშავე სხვა ელექტროსადგურებზე).
აუქციონის კომისიამ, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები შედიან, განიხილა და შეისწავლა დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მასალები და განაცხადები.
სხდომაზე საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა ძალიან წარმატებით ხორციელდება, რასაც აუქციონის შედეგები ადასტურებს და რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბრიფინგზე განაცხადა, ზაფხულის განმავლობაში დამატებითი სიმძლავრის აუქციონის ჩატარება იგეგმება, რათა კერძო დეველოპერებს ფინანსების მოძიებისა და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის მყარი საფასო გარანტიები ჰქონდეთ.
ენერგეტიკის განვითარება
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სექტორი უნდა განვითარდეს მზარდი მოხმარების ფონზე.
მინისტრი: საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის განსაკუთრებული პოტენციალი აქვს>>>
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0