ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტით საერთაშორისო ინვესტორები დაინტერესდნენ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2023
გამოწერა
ამჟამად მიღებული მონაცემები მუშავდება და უახლოეს დროს საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია წარედგინება, მათ შორის, მონაწილე კომპანიებისა და მათი გამოცდილების შესახებ, აღნიშნა მინისტრმა.
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე განაცხადები შეიტანა რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამ, მათ შორის ასოციაციებმა და კონსორციუმებმა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ სახელმწიფოს წილი 51% იქნება, დანარჩენი - კერძო პარტნიორის, რომელსაც საკვალიფიკაციო კრიტერიუმებისა და წინადადების პირობებიდან გამომდინარე აირჩევენ. დაინტერესებულ პირებს კვალიფიკაციის განაცხადების წარდგენის ვადა 19 ივნისამდე ჰქონდათ. წინადადებების მიღების საბოლოო ვადა 28 ივლისია.

„ანაკლიასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას რაც შეეხება, განაცხადების მიღება ოფიციალურად 19 ივნისს დასრულდა. გიდასტურებთ, რომ ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მივიღეთ განაცხადი“, – განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, კომპანია უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მათ შორის ფინანსური მდგრადობის და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიღებული მონაცემები მუშავდება და უახლოეს დროს საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია წარედგინება, მათ შორის, მონაწილე კომპანიებისა და მათი გამოცდილების შესახებ.
„ამ ეტაპზე საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, სამწუხაროდ, ვერ გავუზიარებთ, თუმცა ჩვენი სააგენტო ინტენსიურად მუშაობს, რათა ეს განაცხადები დამუშავდეს. მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე განაცხადი იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მიღებული“, – განაცხადა დავითაშვილმა.
2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს. მთავრობის გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
ანაკლიის პორტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას>>
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
მალე - პრემიერი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაზე>>
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0