როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას

© courtesy of Anaklia Portანაკლია. პორტი
ანაკლია. პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2023
გამოწერა
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი7
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობას აქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მკაფიო გეგმა, რომელსაც გეგმაზომიერად მიჰყვება, მთავრობა იმედოვნებს, რომ 2023 წლის ბოლომდე პარტნიორს შეარჩევს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი. ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა. ამ ფორმულირებას არ დაეთანხმა კონსორციუმი, რომელმაც საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლა.

„დღეისათვის უკვე საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა არის გამოცხადებული. ამ პროცესში ბევრი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქტიურად მონაწილეობს. ესენი არიან ძირითადად საპორტო ოპერატორები, მშენებელი ან კონსორციუმის კუთხით კომპანიები, რომლებიც ჩვენს სააგენტოსთან ცვლიან ინფორმაციას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, პირველი ეტაპი ორი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს, შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში მთავრობას პირველადი ინფორმაცია ექნება. შემდგომ დაიწყება ე.წ. წინადადებების მოთხოვნის ეტაპი, როდესაც მთავრობამ უნდა დააზუსტოს პარამეტრები და პირობები, რომელიც ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე ფიქსირდება პოტენციური ინვესტორებისა და პარტნიორების მხრიდან.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც პორტი უნდა განვითარდეს, უკვე სახელმწიფოს ეკუთვნის – ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს.
„ქონების მართვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე კვირაში დააფუძნებს სახელმწიფო კომპანიას, რომელიც არსებული დოკუმენტების განახლებას დაიწყებს. ეს იქნება გარემოზე ზემოქმედების არსებული დოკუმენტაცია, არსებული ტექნიკური დოკუმენტაცია იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების დაწყება“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ახალი თარიღი დაასახელა >>
დავითაშვილმა განმარტა, რომ მოგვიანებით ეს ყველაფერი იქნება იმ ერთობლივი კომპანიის ნაწილი, სადაც ხელისუფლება კერძო პარტნიორს შეარჩევს.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი 49%-ის მფლობელი.

ანაკლიის პორტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 000 კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0