მეშახტეების გაფიცვა ჭიათურაში: მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

© courtesy of Saknakhshiriმეშახტე ტყიბულში
მეშახტე ტყიბულში - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2023
გამოწერა
ჭიათურელი მეშახტეები ორ კვირაზე მეტია რაც გაიფიცნენ - წარმოება მთლიანად გაჩერებულია
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. კომპანია Georgian Manganese Holding-ის წარმომადგენლებმა და ჭიათურელმა მაღაროელებმა სამედიაციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ უკვე ორ კვირაზე მეტი ხანი გრძელდება. აქციის მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, მანამდე კი ერთმა გაფიცულმა პირი ამოიკერა, სხვამ კი ვენები გადაიჭრა. მათი ნაწილი საპროტესტო აქციებს თბილისში მართავს - პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით უვადო შიმშილობა გამოაცხადეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ყველა მოთხოვნაზე შედგა. მათივე ცნობით, რაც შეეხება ხელფასის მატებას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება.
მხარეები კომისიის შექმნაზეც შეთანხმდნენ.
„შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელი შევა. სწორედ ეს ორგანო იმუშავებს დასაქმებულთა შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე. ასევე ამავე კომისიამ 3 თვის განმავლობაში უნდა დადოს კომპანიის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
Georgian Manganese-ის გენდირექტორის, ლაშა თუთბერიძის თქმით, კომპანიის ფინანსური ზარალი ამ დროისთვის 32 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის მიუხედავად ვახტური რეჟიმით მომუშავე მეშახტეები 2,3 ათას ლარზე მეტს იღებენ. 2023 წელს კომპანიის თანამშრომლების საშუალო ხელფასი 118%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს იყო.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
ყველა ახალი ამბავი
0