თორნიკე რიჟვაძე: შავ ზღვაში წყლის ხარისხი პერიოდულად შემოწმდება

© Emergency Management Service of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
გამოწერა
კვლევების მიხედვით, აჭარის სანაპიროზე ზღვის წყლის ხარისხი დასაშვები ნორმის ფარგლებშია.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის წყლის ხარისხი შარშანდელზე უკეთესია და ის პერიოდულად შემოწმდება, განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
ქართველმა სპეციალისტებმა აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიური კვლევები ჩაატარეს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იგი შეესაბამება ყველა დადგენილ ნორმას. მეტიც, წყლის ხარისხის მაჩვენებლები გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. შავ ზღვაში წყლის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა.

„ბოლო პერიოდში არცთუ კეთილმოსურნე მედიასაშუალებების მხრიდან მაქსიმალური ზიანის მიყენება ხდება საკმაოდ წარმატებული ტურისტული სეზონისთვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად მოხდება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ წყლის ხარისხის მაჩვენებლის შენარჩუნება მოხერხდება.
„უკვე ჩატარებული კვლევების მიხედვით უნდა ითქვას, რომ ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას ისე, რომ პირველ რიგში ჩვენს თანაქალაქელებს და შემდეგ ჩვენს უამრავ სტუმარს არ შეექმნება რაიმე დისკომფორტი დასვენების კუთხით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
კვლევები ჩატარდა რამდენიმე მაჩვენებელზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.
საშიშია თუ არა შავ ზღვაში ცურვა? - ჩხობაძის განმარტება >>
ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგი სარფი–ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში ჩატარდა: ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორია და მწვანე კონცხი. ნიმუშები ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსშია აღებული.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია.
როგორც ყოველთვის, ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდა სარფი–კვარიათისა და მახინჯაური–მწვანე კონცხის ტერიტორიებზე, დადებითი მაჩვენებლებია სხვა დანარჩენ წერტილებშიც.
ყველა ახალი ამბავი
0