გამოცდები 2023: საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2023
გამოწერა
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყანაში 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ, იუწყება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ცენტრი გამოცდებზე გამსვლელებს აფრთხილებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.
ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.
უწყება აპლიკანტებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
გამოსაცდელი ვებ-გვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. პირს შეუძლია ბარათი დაიმახსოვროს და ამობეჭდოს ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად, სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
საქართველოში მისაღები გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი 10 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2,5 ათასამდე პირია რეგისტრირებული.
როგორ ემზადება საქართველო 2023 წლის ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად>>>
უწყების ცნობით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით შეუძლიათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.
წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.
წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ-რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდ-ინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის „ცხელ ხაზს“ და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0