მეშახტეები გაჩერებული საწარმოს პირობებში ხელფასის 60%-ს იღებენ – Georgian Manganese

© photo: Sputnik / Stringerმაღაროელების პროტესტი
მაღაროელების პროტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
გამოწერა
Georgian Manganese Holding-ს პრობლემები საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო შეექმნა, ამტკიცებენ კომპანიაში
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. თანამშრომლები, რომლებიც გაჩერებულ საწარმოში მუშაობენ, ხელფასების 60%-ს იღებენ, რაც ვახტურ ნაწილში დასაქმებულთათვის დაახლოებით 1500 ლარს შეადგენს, განაცხადა Georgian Manganese Holding-ის გენდირექტორმა ლაშა თუთბერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
საპროტესტო აქცია ჭიათურაში მე-16 დღეა გრძელდება. საწარმოო პროცესი მთლიანად შეჩერებულია. თავიდან შიმშილობა ცხრა მაღაროელმა გამოაცხადა, პროტესტის მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. რამდენიმე დღით ადრე კი ერთმა გაფიცულმა პირი ამოიკერა, სხვამ კი ვენები გადაიჭრა.
ორშაბათს რამდენიმე გაფიცული მაღაროელი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. მათ პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობისგან ხელფასის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ, მაშინ, როცა კომპანია მათ ხელფასების მხოლოდ 5%-ით გაზრდას ჰპირდება.
„წინა წლებიდან მოყოლებული, ნამდვილად არსებობს კომპანიაში ფინანსური კრიზისი, ზარალიანია. ჭიათურის მადნის მოპოვება უკვე არაკონკურენტუნარიანია საბაზრო ფასებთან მიმართებაში... შესაბამისად, იძულებულები გავხდით, რომ ჩვენი თანამშრომლები გაგვეშვა ანაზღაურებად შვებულებაში 60%-ი თანხის გადახდით“, - აცხადებს თუთბერიძე.
შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად მოიწვიეს სპეციალისტები უკრაინიდან, აღნიშნა მან.
სპეციალისტებმა გამოავლინეს ხარვეზები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის კომპანიის მენეჯმენტში ადგილობრივ დონეზე, შრომის ორგანიზებასა და სამუშაო პროცესის წარმართვაში, რის შემდეგაც დაიწყო მოლაპარაკებები თანამშრომლებთან, განაცხადა თუთბერიძემ.
ივნისის დასაწყისში მენეჯმენტმა განაცხადა ადმინისტრაციული ხარჯების მინიმიზაციის და ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო გრაფიკიდან სამცვლიან 8-საათიანზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ.
Georgian Manganese მაღაროელებს პროტესტის რადიკალური ზომების შეწყვეტისკენ მოუწოდებს >>
კომპანიის ფინანსური ზარალი ამ დროისთვის 32 მილიონ დოლარს შეადგენს, განაცხადა Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელმა. ამის მიუხედავად ვახტური რეჟიმით მომუშავე მეშახტეები 2,3 ათას ლარზე მეტს იღებენ. 2023 წელს კომპანიის თანამშრომლების საშუალო ხელფასი 118%-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს იყო, აღნიშნა მან.
გარდა ამისა, თუთბერიძის თქმით, ჰოლდინგის თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან უფასო ტრანსპორტით, აქვთ სადაზღვევო პაკეტი, უფასო კვება, მრავალშვილიანი ოჯახები იღებენ სოციალურ დანამატებს, სადღესასწაულო დღეებში გაიცემა პრემიები, ხოლო წლის ბოლოს - მეცამეტე ხელფასი.
ჭიათურაში კომპანია Georgian Manganese Holding-ში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე 708 ადამიანი მუშაობს. სწორედ მათ ეხება12-საათიანი სამუშაო ცვლის 8-საათიანით ჩანაცვლება, ასევე მათზე დაკისრებული გამონამუშევარი ტონაჟობის გეგმების ჩანაცვლება გარკვეული სამუშაო ციკლების შესრულებაზე.
„ეს მთელს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. ასეთ რეჟიმში მუშაობს ჩვენი მეშახტეების დიდი ნაწილი, დაახლოებით 1000 კაცი“, - განაცხადა მან.
ადრე კომპანიაში განაცხადეს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი წარმოების დროული განახლებაა.

პროტესტის მიზეზი

მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
მაღაროელების მოთხოვნებს შორისაა ასევე ხელფასების 20%-ით გაზრდა, ხოლო ხელმძღვანელობის წინადადებას ხელფასის 5%-ით გაზრდის შესახებ მათ შეურაცხმყოფელი უწოდეს. ხელფასების გაზრდასთან ერთად მეშახტეები მოითხოვენ სამედიცინო დაზღვევას, ასევე სამუშაო ხელსაწყოების განახლებას.
მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შექმნან ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩართული იქნება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, შუამავალი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, იმერეთის გუბერნატორი და პროფკავშირები.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი წარმოების დროული განახლებაა.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
ყველა ახალი ამბავი
0