Georgian Manganese მაღაროელებს პროტესტის რადიკალური ზომების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerმაღაროელთა საპროტესტო აქცია თბილისში
მაღაროელთა საპროტესტო აქცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
გამოწერა
გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებია ხელფასების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. კომპანია Georgian Manganese Holding ჭიათურის მაღაროს გაფიცულ თანამშრომლებს პროტესტის რადიკალური ზომების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
საპროტესტო აქცია ჭიათურაში მე-16 დღეა გრძელდება. საწარმოო პროცესი მთლიანად შეჩერებულია. თავიდან შიმშილობა ცხრა მაღაროელმა გამოაცხადა, პროტესტის მე-13 დღეს ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. რამდენიმე დღით ადრე კი ერთმა გაფიცულმა პირი ამოიკერა.
ორშაბათს რამდენიმე გაფიცული მაღაროელი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად ჩამოვიდა. მათ პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობისგან ხელფასის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ, მაშინ, როცა კომპანია მათ ხელფასების მხოლოდ 5%-ით გაზრდას ჰპირდება.

„დასაქმებულებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს, რათა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის გზები ვიპოვოთ. მოვუწოდებთ გაფიცულ თანამშრომლებს, შეწყვიტონ პროტესტის რადიკალური ფორმა. ერთადერთი გამოსავალი არის კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმება“, – განაცხადა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ ჟურნალისტებთან.

გუშინ თბილისში გამართული საპროტესტო მსვლელობის შემდეგ მაღაროელებმა კომპანია Georgian Manganese Holding-ის ოფისთან თავისი მოთხოვნები გაახმოვანეს.

„ჩვენ შიმშილობას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ ჩვენი პირობები არ დაკმაყოფილდება. უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ვაგრძელებთ შიმშილობას და პროტესტს. ჩვენი მოთხოვნებია ხელფასის მატება 20%-ით, ნორმალური სამუშაო პირობები და სამედიცინო დაზღვევა. ხელფასის 5%-ით მატება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა.

როგორც მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების წარმომადგენელმა თემურ სურამელაშვილმა განაცხადა, ის 5%, რასაც დამსაქმებელი მაღაროელებს სთავაზობს, არის არა სახელფასო დანამატი, არამედ არის ინფლაციით გამოწვეული ინდექსაცია ხელფასის, რაც პროფკავშირთან დადებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
მაღაროელთა გაფიცვის დაწყების საბაბი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.
გაფიცულებმა მეშახტეებმა კომპანიას მოთხოვნები წაუყენეს>>>
მანამდე კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან შექმნან ერთობლივი სამუშაო კომისია. კომისიაში ჩართული იქნება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი კომპანია, აუდიტორი, შუამავალი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, იმერეთის გუბერნატორი და პროფკავშირები.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი წარმოების დროული განახლებაა.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
ყველა ახალი ამბავი
0