როგორ ჩანს შორიდან? ანუ ჩვენებური ეკონომიკის ძირითადი ტენდენციები

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტული უბანი თბილისში
ტურისტული უბანი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2023
გამოწერა
ფულადი გზავნილები, ეროვნული ვალუტის კურსი, საგარეო ვალი და ეკონომიკის ძირითადი ტენდენციები – რა მოლოდინია ანალიტიკურ წრეებში ქვეყნის გარეთ თუ შიგნით?
წინამდებარე სტატიაში თქვენს ყურადღებას რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ. ჩემი ინტერესის სფერო ამჯერადაც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემაა. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სტრიქონებში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები და ადგილობრივი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები დაგვეხმარება, მეტ-ნაკლებად მაინც გავერკვეთ მიმდინარე პროცესებსა და ტენდენციებში.
არ ვიცი, იცით თუ არა, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა სტაბილურობას ინარჩუნებს? მკითხველის პასუხს არ დაველოდები და განვაგრძობ თხრობას. ფაქტია, ამგვარ შეფასებას აქვეყნებს მსოფლიო ბანკი ივნისის ანგარიშში „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“.
გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,3 პროცენტი შეადგინა. ამავე დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ზრდა მომსახურების სფეროს გააქტიურების ხარჯზე აღინიშნა, სამრეწველო საქმიანობის მიმართულებით კი კლება დაფიქსირდა.
გოგონა ბანკომატთან - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2023
რჩება თუ არა ინფლაცია მთავარ გამოწვევად? მაისის თვის მიმოხილვა
თქვენი არ ვიცი, მე კი მსოფლიო ბანკის ამგვარმა შეფასებამ ჩვენი ქვეყნის აკადემიური წრეების წარმომადგენელთა განცხადებები გამახსენა. ექსპერტ-ანალიტიკოსებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოს ეკონომიკა, სამწუხაროდ, დიდწილად არა საწარმოო პროცესის, არამედ მომსახურების სფეროს განვითარებაზეა ორიენტირებული.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიმოხილვას დავუბრუნდეთ. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტი სამომავლოდ საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 4,4 პროცენტამდე კლებას ვარაუდობს. ამავე დროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ შედარებით დაბალი საერთაშორისო სასაქონლო ფასებისა და ლარის გამყარების გამო ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. მაისში კი წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელმა 1,5 პროცენტს მიაღწია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება, რისი მთავარი ფაქტორიც ქვეყანაში არსებული მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა.
მსოფლიო ბანკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გაურკვევლობის მაღალი დონის პირობებში როგორც არსებული, ისე შესაძლო რისკები ძირითადად დაბალანსებულია. ერთი მხრივ, ფულადი ნაკადების შემოდინების დინამიკის ცვლილებას გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად დოლარიზაციის მაღალი დონის გამო, შესაძლებელია, ნეგატიური გავლენა ჰქონდეს ეროვნული ვალუტის კურსსა და, ზოგადად, მაკრო-ფინანსურ სტაბილურობაზე. მეორე მხრივ, არ არის გამორიცხული, რომ ფულადი ნაკადების მზარდი შემოდინება პროგნოზირებულთან შედარებით გაცილებით უფრო დიდხანს გაგრძელდეს და ქვეყანამ კვლავ მიიღოს სარგებელი სავაჭრო კავშირების გადახალისებით სატრანსპორტო დერეფნების ხელახალი კონფიგურაციის პარალელურად.
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2023
რატომ უფასურდება ლარი?
მსოფლიო ბანკის ანგარიშში რამდენჯერმე გაიჟღერა ფულადი შემოდინების საკითხმა და, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, ბოლო პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედოთ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 384,9 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 120,8 მილიონი დოლარით, 23,9 პროცენტით ნაკლებია. საინტერესოა, რამ განაპირობა ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება? როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, კლება, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. უწყების ინფორმაციით, მაისში რუსეთიდან სულ 155 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ეს წინა წელთან შედარებით 51 პროცენტით ნაკლებია. ამ შემცირების მიუხედავად, ფულადი გზავნილების რეიტინგში პირველი ადგილი რუსეთს უკავია. მეორე პოზიციაზეა იტალია, საიდანაც მაისში 44 მილიონი დოლარი გადმოირიცხა და წლიურად ფულადი გზავნილის მოცულობა 20 პროცენტით არის მომატებული. მესამე ადგილს 38 მილიონი დოლარის გზავნილებით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.
რა თქმა უნდა, უცხოური ვალუტა ქვეყანაში არა მხოლოდ შემოდის, გადის კიდეც. რა ბანალური ჭეშმარიტებაა − მიმანიშნებს მკითხველი და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება, თუმცა რეპლიკას არ შევიმჩნევ და ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით გეტყვით, რომ მიმდინარე წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30,9 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის მაისის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7,9 პროცენტით მეტია.
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2023
რას და როგორ აფინანსებს საბანკო სექტორი?
მსოფლიო ბანკის ექსპერტებს, ბუნებრივია, ანგარიშში არც ეროვნული ვალუტის კურსი და მასთან დაკავშირებული ნიუანსები დავიწყებიათ. გასაკვირი ის იქნებოდა, სხვაგვარად რომ ყოფილიყო. საინტერესოა, როგორია ადგილობრივი ანალიტიკური წრეების შეფასებები – რამ განაპირობა ლარის გაუფასურება და კურსის მერყეობა მაშინ, როცა ქვეყანაში ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს?
საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალი“ ეროვნული ვალუტის გაუფასურების საგარეო ფაქტორებზე მიანიშნებს. როგორც უწყების ექსპერტები აცხადებენ, ლარის კურსზე ნეგატიურად მოქმედებს თურქული ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება.
„ამ კონტექსტში, ჩვენი ადრინდელი შეფასებებით, სუსტ ლირას გადაცემითი ეფექტი ლარზე მეტწილად მაშინ აქვს, როდესაც დოლარის მიმართ ჩვენი რეგიონის სხვა ვალუტებიც უფასურდება. ამავე დროს ლირის გაუფასურება გავლენას ახდენს საქართველო-თურქეთის ორმხრივ ვაჭრობაზე, თუმცა საქართველოს ჯამურ სავაჭრო ბალანსზე მისი უარყოფითი ეფექტი არ იკვეთება, რადგან გაიაფებული თურქული იმპორტი თავისთავად, ინფლაციის გათვალისწინებით, მეტწილად სხვა იმპორტულ პროდუქციას უფრო უწევს კონკურენციას, ვიდრე ადგილობრივ წარმოებას“, − აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში. ამავე დროს საკონსულტაციო ჯგუფი ყოველთვიური მაკროეკონომიკური შედეგების შეჯამების საფუძველზე აცხადებს, რომ ლარის კურსის სეზონურ მერყეობას ადგილი არ ექნება. „ჩვენი აზრით, ახლა ლარის კურსის დამატებით გამყარების მოლოდინების, სავარაუდოდ, უფრო ნეიტრალური განწყობებით ჩანაცვლებას უფრო აქვს ადგილი, ვიდრე მისი მნიშვნელოვანი გაუფასურების მოლოდინების ფორმირებას“, − ასეთია „თიბისი კაპიტალის“ შეფასება.
და, ბოლოს, ორიოდე სიტყვით ქვეყნის საგარეო ვალზე მოგახსენებთ. მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით, საგარეო ვალი 8.404.509 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 21.783.647 ათასი ლარია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს ვალი 7.898.961 ათასი დოლარი იყო, რაც მაშინდელი კურსით 23.338.271 ათას ლარს უდრიდა. ასე რომ, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალი გაზრდილია, ხოლო ეროვნულ ვალუტაში – შემცირებული, რაც საანგარიშო პერიოდში, გასული წლის მაისიდან მიმდინარე წლის მაისამდე დროის მონაკვეთში ლარის კურსის გამყარების შედეგია.
დღეისათვის სულ ეს იყო, საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0