რატომ უფასურდება ლარი?

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2023
გამოწერა
ეროვნული ვალუტა პოზიციებს თმობს. მაისის პირველი დეკადიდან მოყოლებული ლარი უფასურდება... არადა, მაკროეკონომიკურ პარამეტრებში ქვეყანა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს...
საკამათო არ უნდა იყოს, ეროვნული ვალუტის ბოლო ერთი წლის თავგადასავლის გათვალისწინებით, წინამდებარე სტატიას მოულოდნელი სახელდება აქვს. გულწრფელი ვიქნები, ჯერ კიდე სამიოდე კვირის წინათ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში სტატიას ამგვარად დავასათაურებდი... მეტიც, ლარის გამყარებისა და სტაბილურობის შემხედვარემ, ვარდობისთვის პორველ რიცხვებში ვიკითხე, − როდემდე გამყარდება ლარი? ბედის ირონიით, პასუხი მალევე, ორიოდე დღეში მივიღე. ამერიკულ დოლართან მიმართებით, 2.483 ლარის ნიშნულზე ყოფილა შესაძლებლობის ზღვარი.
მაისის თვის მეორე დეკადიდან მოყოლებული სავალუტო ბაზარზე მოვლენების განვითარებამ მაიძულა, დავინტერესდე, რატომ უფასურდება ლარი... კი, მაგრამ, გიკვირს? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. არ დავმალავ, არც უამისობაა და განვმარტავ კიდეც თუ რატომ. საამისოდ, თხრობას ეროვნული ვალუტის ბოლო ათი წლის ისტორიის მოკლე ექსკურსით დავიწყებ.
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2023
რას და როგორ აფინანსებს საბანკო სექტორი?
ეროვნულმა ვალუტამ, რომლის კურსიც დოლართან მიმართებით მრავალი წლის განმავლობაში 1.65-1.75 ლარის ფარგლებში მერყეობდა, 2014 წლის მესამე კვარტლიდან თანდათან გაუფასურება დაიწყო და მომდევნო წელს 1.88-1.89ლარის ნიშნულზე შეხვდა. 2015 წლის განმავლობაში ქვეყნის სავალუტო ბაზარზე მოვლენები უმძიმესი სცენარით განვითარდა. ეროვნულმა ვალუტამ თებერვლის პირველ კვირაში ამერიკულ დოლართან მიმართებით, ორიანი ნიშნული გადალახა. კურსმა 2.01 ლარი შეადგინა. კიდევ რვა თვის შემდეგ, ეროვნულმა ვალუტამ ანტირეკორდი დაამყარა, როცა დოლართან მიმართებით, მისი გაუფასურების, იმ დროისთვის მაქსიმალური ნიშნული − 2.43 ლარი დააფიქსირა.
ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ეროვნული ვალუტის გაუფასურების ძირითად მიზეზებად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებას ასახელებდნენ.
მაკროეკონომიკური პარამეტრები არც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულა და სავალუტო ბაზარზე ვითარება მხოლოდ უარესედებოდა. 2016-2019 წლებში ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით, 2.39-2.87 ლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც განსაკუთრებით მძიმე ტვირთად მოსახლეობის იმ ნაწილს დააწვა, რომელსაც კრედიტი უცხოურ ვალუტაში ჰქონდა. მიუხედავად გაუფასურების მაღალი ნიშნულისა, მაშინ ჯერ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლარს წინ უფრო მძიმე თავგადასავალი ელოდა.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
რა მოხდა ეროვნულ ბანკში?
COVID-19-ის პანდემიამ საქართველომდე 2020 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მოაღწია და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას დამატებითი ბიძგი მისცა. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და „ლოკდაუნის“ პირობებში, 17 მარტს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით, მორიგ ე.წ. ფსიქოლოგიურ ბარიერს გასცდა, სამიან ნიშნულს გადაახტა და კურსმა 3.01 ლარი შეადგინა. ეს დღე საფინანსო სისტემის სპეციალისტებმა და ანალიტიკოსებმა„შავ სამშაბათად“ მონათლეს.
სავალუტო ბაზარზე შექმნილი მძიმე ვითარება ორნიშნა ინფლაციამ კიდევ უფრო გაამწვავა და 2020-2021 წლებში დოლართან მიმართებით,ეროვნული ვალუტის კურსი 2.86-3.09 ლარის ფარგლებში მერყეობდა. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების პროცესს საფინანსო ბაზარზე ინტერვენციებით უპასუხა და
2015-2021 წლებში სავალუტო აუქციონს ჯამში 2800.7 მილიარდი დოლარი მიაწოდა. ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებებით, ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი რომ არა, ლარის გაუფასურების ნიშნული გაცილებით მაღალი იქნებოდა... შესაძლოა ეროვნულ ვალუტას დოლართან მიმართებით, ოთხიანი ნიშნულის სიმაღლეც დაეპყრო.
ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით, გასული წლის დასაწყისში 3.08 ლარი იყო, თებერვლის შუა რიცხვებში კი 2.95 ლარამდე გამყარდა. ანალიტიკოსების შეფასებებით, ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანამ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ალღო აუღო და ეკონომიკური რეცესიაც თანდათან ეკონომიკური ზრდის ტენდენციამ ჩაანაცვლა. გაჩნდა იმედი, რომ ლარი ნელ-ნელა პოზიციებს გაიმყარებდა, თუმცა სავალუტო ბაზარზე მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა.
რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან ორ კვირაში ეროვნულმა ვალუტამ მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. 10 მარტს ამერიკული დოლარი 3.45 ლარს ფასობდა. სავალუტო ბაზარზე წარმოქმნილი პანიკის გასანეიტრალებლად, ეროვნულმა ბანკმა ტრადიციულ ხერხს, ინტერვენციას მიმართა და აუქციონს 40 მილიონი დოლარი მიაწოდა, რამაც პოზიტიურად იმოქმედა. ლარი დასტაბილურდა და გამყარება დაიწყო.
გასული წლის მაისის მეორე ნახევარში ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით, უკვე სამიან ნიშნულსაც ჩამოსცდა. მესამე კვარტლიდან მოყოლებული კი გამყარება-გაუფასურების თანაფარდობა გამყარების სასარგებლოდ შეიცვალა. შედეგად, მიმდინარე წლის დასაწყისში დოლარი უკვე 2.72 ლარს ფასობდა.
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
სად გადის შესაძლებლობების ზღვარი, ანუ როდემდე გამყარდება ლარი?
მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეშიც ეროვნული ვალუტის კურსმა პოზიტიური დინამიკა შეინარჩუნა. 24 მარტიდან 10 მაისამდე ლარი მხოლოდ მყარდებოდა. შედეგად, დოლართან მიმართებით, ეროვნული ვალუტა 2.5 ლარის ნიშნულს ანუ იმ მაჩვენებელს ჩამოცდა, რომელიც პირველად 2016 წლის 26 ნოემბერს დაფიქსირდა. აქვე შეგახსენებთ, ლარის სწორედ 2.5 ნიშნულზე გაუფასურების შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის მაისსი უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების ლარიზაციის პროგრამა განხორციელდა
სიტყვა რომ აღარ გამიგრძელდეს, ეროვნული ვალუტა თანდათან გაუფასურების 2015 წლის ნიშნულსაც უახლოვდებოდა და ანალიტიკურ წრეებში ბჭობდნენ, როდემდე გაგრძელდება ლარის გამყარება და ჩამოცდება თუ არა ის ორიან ნიშნულს დროის მოკლე ან საშუალო პერიოდში. ნათქვამია, „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“... მაშინ, როდესაც ყველა ლარის პოზიციების მეტად გამყარებას ელოდა, 10 მაისს სავალუტო ბაზარზე ლარი დოლართან მიმართებით, ერთბაშად 4.64 თეთრით გაუფასურდა და კურსმა 2.5294 ლარი შეადგინა. მას შემდეგ მოყოლებული კი ლარის გამყარება-გაუფასურების თანაფარდობის დინამიკა გაუფასურების სასარგებლოდ შეიცვალა და თუ 8 მაისს დოლარი 2.483 ლარს ფასობდა, თვის ბოლოს 2.57-2.59 ლარის ფარგლებში მერყეობს. რატომ, რამ განაპირობა ეროვნული ვალუტის გამყარების პოზიტიური დინამიკის გაუფასურების ტენდენციით ჩანაცვლება?
შეგახსენებთ, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ლარი მანამდე გამყარდებოდა, ვიდრე ქვეყანა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ტრენდის შენარჩუნებას შეძლებდა და სავალუტო ნაკადების მოცულობა იქნებოდა მზარდი. ეს კი დამოკიდებული იყო, რა მოცულობის შემოსავალს მიიღებდა საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან, ტურიზმის სექტორიდან, ექსპორტიდან და რა თქმა უნდა, ფულადი გზავნილების სახით. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, უკლებლივ ყველა ამ მიმართულებით, დინამიკა პოზიტიურია, რაზეც „საქსტატის“ მონაცემები მიანიშნებს. გაუმჯობესებულია.
მიმდინარე წლის ოთხ თვეში ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურ ჭრილში 90.4%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში 23.6%-ით 2.0 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1.045 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 79.5%-ით აჭარბებს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმდინარე წლის დაზუსტებული სტატისტიკა ჯერჯერობით უცნობია, ხოლო გასულ წელს ქვეყანაში 2 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 61%-ით მეტია და ბოლოს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა და 5.19 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს სავალუტო რეზერვები.
მოკლედ, რბილად რომ ვთქვათ, მაკროეკონომიკური პარამეტრები არ დაიწუნება. ამ ვითარებაში კიდევ უფრო აქტუალურია კითხვა − რატომ გაუფასურდა ლარი?
ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება ძირითადად, ეროვნული ბანკის მიერ დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვამ გამოიწვია, თუმცა სხვა ფაქტორებიც არის...
„აპრილში ეროვნულმა ბანკმა რეკორდულად მაღალი ოდენობის - 322.4 მილიონი დოლარი შეისყიდა. მართალია, მაისის თვის სავალუტო შემოდინებების სტატისტიკა ჯერჯერობით ხელმისაწვდომიარაა, არ იკვეთება, რომ ამ მხრივ შემცირებას აქვს ადგილი. ამასთან, ვალუტების მიხედვით დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკა სენტიმენტების ცვლილებაზე მიუთითებს. კერძოდ, თუ მანამდე ლარის დეპოზიტების ზრდა პრევალირებდა, რაც ლარის გამყარებას დამატებით ხელს უწყობდა, მაისში უკვე საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა. პირველი ოთხი თვის მაჩვენებლებით საკრედიტო პორტფელში ლარიზაციის მატებასაც აქვს ადგილი, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ამასთან ერთად, მოცემულ პერიოდში ლარის კურსის დამატებით გამყარების მოლოდინების ნეიტრალური განწყობებით ჩანაცვლებას უფრო აქვს ადგილი, ვიდრე ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მოლოდინების ფორმირებას...“, − ნათქვამია საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ ექსპერტთა ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
და ბოლოს პროგნოზი? ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა შეფასებით, მაკროეკონომიკურ პარამეტრებში არსებული პოზიტიური დინამიკა საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის და მიმდინარე წლის განმავლობაში ის დოლართან მიმართებით, 2.62-2.63 ლარის ფარგლებში იმერყევებს.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0