რა მოხდა ეროვნულ ბანკში?

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივად შერბილების პროცესი დაიწყო. როგორ განმარტავენ მიღებულ გადაწყვეტილებას ეროვნულ ბანკში და რა გავლენა ექნება რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტით შემცირებას კომერციული ბანკების 179.600 მომხმარებლის კრედიტზე?
მაისის თვის პირველი დეკადის ბოლოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა. მიმდინარე წელს ეს რიგით მესამე შეკრება იყო. კი, მაგრამ, ან რატომ შეიკრიბნენ, ან რა შედეგით დასრულდა თავყრილობა? ჩამეძიება მკითხველი და რა გაეწყობა, განვმარტავ. ტრადიციას არც ამჯერად ვუღალატებ და თანმიმდევრულად მივყვები.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ქვეყნის ფულად-საკრედიტო, სავალუტო პოლიტიკას შეიმუშავებს, გეგმავს ღონისძიებებს, რამაც ფასების სტაბილურობას, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე ან მასთან მიახლოებულ დონეზე შენარჩუნებას უნდა შეუწყოს ხელი. მთავარი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ლიბერალიზაცია ან უკვე არსებულ ნიშნულზე შენარჩუნებაა, რაც რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის გაზრდაში, შემცირებასა თუ უცვლელად დატოვებაში გამოიხატება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის შესაძლო ვერდიქტს დროის კონკრეტულ მონაკვეთში ინფლაციური წნეხის სიმძიმე განსაზღვრავს. ასე რომ, მონეტარული კომიტეტის წევრებს იმ ახალ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე თვეა ინფლაცია იკლებს და, აპრილის თვის მონაცემებით, წლიური მაჩვენებელი მიზნობრივ ნიშნულსაც ჩამოსცდა, რეფინანსირების განაკვეთის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2023
სად გადის შესაძლებლობების ზღვარი, ანუ როდემდე გამყარდება ლარი?
შედეგი? გავბედავ და ვიტყვი: ადვილად პროგნოზირებადი, ანუ ის, რისი მოლოდინიც იყო. თავად განსაჯეთ, გასული წლის დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული ანალიტიკოსები და საბანკო სფეროს სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ინფლაციური წნეხის შესუსტების პარალელურად ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას დაიწყებდა. უკვე მას შემდეგ, რაც „საქსტატმა“ აპრილის ინფლაციური პროცესების ანგარიში და მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რეფინანსირების განაკვეთის შესაძლო შემცირების საკითხზე საუბრები კიდევ უფრო გააქტიურდა. ოპტიმისტური პროგნოზები საკომიტეტო სხდომის კვირაშიც გვესმოდა.
„აპრილის თვის მაჩვენებლები, კერძოდ, წლიური ინფლაციის ტემპის მოსალოდნელზე მეტად შენელება ეროვნულ ბანკს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის თანდათან შერბილების საშუალებას მისცემს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ეროვნული ბანკი მაისის თვის პირველსავე სხდომაზე დაიწყებს“, − ვარაუდობდნენ საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის ექსპერტები ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
„აპრილის თვის ინფლაცია ჩვენს საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებით უფრო დაბალია. ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სავალუტო ბაზარზე გამყარების ზეწოლა გრძელდება და ასევე ბოლო პერიოდში დაკრედიტების სავალუტო კომპოზიციაში უცხოური ვალუტა ჭარბობს, ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი ამ კვირაშივე დაიწყება და რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტით დაიწევს, ხოლო წლის ბოლომდე 11 პროცენტიდან 9,5 პროცენტამდე შემცირდება“, − ნათქვამია საკონსულტაციო ჯგუფი „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2023
რამდენი იყო ინფლაცია აპრილში და რა მანძილია მიზნობრივ ნიშნულამდე?
პროგნოზები გამართლდა! ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ გასული წლის 30 მარტიდან მოყოლებული რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვლილა, ის 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო − 11 პროცენტი. არადა, ამ ხნის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ცხრა სხდომა გაიმართა.
საინტერესოა, ეროვნულ ბანკში როგორ განმარტეს გადაწყვეტილების საფუძვლები და რა ძირითადმა ფაქტორებმა განაპირობა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება? ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. აპრილის თვეში მთლიანი ინფლაცია 2,7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4,7 პროცენტამდე შემცირდა. ეს პროცესი დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირებამ განაპირობა. გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები თანდათან იკლებს, საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება კი COVID-19-ის პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი განეიტრალდა. შედარებით მცირე ნაბიჯებით იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში მისი შემცირება გაგრძელდება.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინფლაციური მოლოდინები კლებადია. მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაციაც ხელს უწყობს. ამავე დროს მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში სამპროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2023
როგორია სამი თვის სტატისტიკა, ანუ ეკონომიკა და ფინანსები ციფრებში
არსებული ინფლაციური ტენდენციებისა და მოკლე თუ საშუალოვადიანი პერიოდის პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ, პოზიტიური ტენდენციების პარალელურად გაურკვევლობა კვლავ მაღალია. მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების განაკვეთის 10,5 პროცენტამდე შემცირების შესახებ უმალვე მოჰყვა, მეტწილად, პოზიტიური შეფასებები.
„რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ ლარიზაციის პროცესს უნდა შეუწყოს ხელი. გარდა ამისა თუ ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება, რაც მოსალოდნელია, ეს მომხმარებლებისთვის სასიკეთო იქნება. რაც შეეხება პროგნოზებს, ის ტენდენციები, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ინფლაციური წნეხის შემცირება, იძლევა უკვე იმ ნიშნებს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება გაგრძელდება და მიმდინარე წლის ბოლომდე 9 პროცენტამდე დაიწევს, ეროვნული ბანკის გასული წლის პროგნოზიც ასეთი იყო. ინფლაციის მაჩვენებელი მცირდება და ამის საშუალებას იძლევა. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, რეფინანსირების განაკვეთის 0,25 პროცენტის ნაცვლად 0,5 პროცენტით შემცირების შესახებ დროული და სწორია“, − აცხადებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.
როგორ განვითარდება პროცესები და მიმდინარე წლის ბოლოს რა ნიშნულზე იქნება რეფინანსირების განაკვეთი, დრო გვიჩვენებს. ეს მრავალ ფაქტორზე, პირველ რიგში კი, რაღა თქმა უნდა, ინფლაციურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 21 ივნისს ჩატარდება. მანამდე კი კარგი იქნება გადავხედოთ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება როგორ აისახა კომერციული ბანკების იმ მომხმარებლებზე, რომელთა სესხების პროცენტის მოცულობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანგარიშს მოვიშველიებ.
უპოვარი თბილისის ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2023
რა უნდა ინატრო ამაზე მეტი?!
პირველ რიგში 179.600 მომხმარებელს გავახარებ, მათ სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ. ახლა კი უფრო დაწვრილებით.
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179.600 სესხი იყო გაცემული, ხოლო საკრედიტო პორტფელის მოცულობა 10.668 მილიონ ლარს შეადგენდა. 1 მარტიდან 1 აპრილამდე პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 700 ერთეულით შემცირდა, ხოლო მთლიანი საკრედიტო პორტფელი 144 ათასი ლარით გაიზარდა.
179.600 სესხიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი სამომხმარებლო სესხია გაცემული. კომერციულმა ბანკებმა 78.000 ხელშეკრულებით 1.740 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსი საშუალო წლიურ 20,55 პროცენტში გაასესხეს.
მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, იპოთეკურ სესხებს უკავია. ამ ტიპის სესხზე 73.000 ხელშეკრულებაა გაფორმებული. საბანკო სექტორმა 3.433 მილიონი ლარი საშუალოდ 14,53 პროცენტში გაასესხა.
ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულშია ბიზნეს-სესხებიც. ასეთი ჯამში 27.000 ხელშეკრულებაა გაფორმებული, ხოლო საკრედიტო პორტფელი 5.477 მილიონი ლარია. საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 14,50 პროცენტს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 800 ხელშეკრულებით 24,3 მილიონი ლარი ბანკებმა საშუალო წლიურ 17,28 პროცენტში გაასესხეს. ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 15,2 მილიონი ლარია.
1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42,9 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზეა − 20,55 პროცენტი.
დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს დღეებში დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0