მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრიუსელი ევროპულ კომპანიებს ჩინეთში ტექნოლოგიების წარმოებას აუკრძალავს

© photo: Sputnik / Alexei Vitvitski / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2023
გამოწერა
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ევროკავშირი ამზადებს წინადადებებს, რომელთა თანახმად, ევროპულ ბიზნესს ჩინეთში და მსგავს ქვეყნებში ისეთი მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოება აეკრძალება, როგორებიცაა სუპერკომპიუტერები, ხელოვნური ინტელექტი და მოწინავე მიკროსქემები, იუწყება Politico.
ბრიუსელის გეგმები ევროპული კომპანიებისთვის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ინვესტირებისა და ვაჭრობის წესების შესახებ ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიაშია მოცემული, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს 29-30 ივნისის სამიტზე.
აღინიშნება, რომ დოკუმენტში ჩინეთი პირდაპირ არ არის ნახსენები. მასში საუბარია ერთ ქვეყანაზე ზედმეტი დამოკიდებულების რისკებზე, კერძოდ კი ისეთ ქვეყანაზე, რომელთანაც „ღირებულებით საკითხებში, მოდელებსა და ინტერესებში“ განსხვავებები არსებობს. თუმცა კონტექსტიდან გასაგები ხდება, რომ ზომები, პირველ რიგში, სწორედ ჩინეთიდან გამომდინარე რისკების წინააღმდეგაა მიმართული.
როგორც დოკუმენტის პროექტშია აღნიშნული, ევროკავშირმა უნდა აღკვეთოს გარე ინვესტიციები „ისეთ მოწინავე ტექნოლოგიებში, რომლებსაც მხარეთა სამხედრო და სადაზვერვო შესაძლებლობების გაუმჯობესება შეუძლია“. ეს იმიტომ, რომ მხარეებმა ეს შესაძლებლობები საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროებისთვის საფრთხის შესაქმნელად ვერ გამოიყენონ.
ევროკავშირის წინადადებით, კონტროლი სამი მიმართულებით უნდა გაძლიერდეს:
მესამე ქვეყნების რომელი კომპანიები ყიდულობენ ევროკავშირში სტრატეგიულად მნიშვნელოვან საწარმოებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს;
სად ყიდიან ევროპული კომპანიები ისეთ საქონელს, როგორიცაა იარაღი ან ჯაშუშური პროგრამები;
სად დებენ ინვესტიციებს ევროპული კომპანიები.
ახალ სტრატეგიაში ბრიუსელს სურს შექმნას კონტროლის ახალი მექანიზმები, რათა ევროპულმა კომპანიებმა სტრატეგიული დარგების საწარმოები სარისკო ქვეყნებში არ გადაიტანონ და თავიანთი მიწოდებების ჯაჭვში ავტოკრატიული სახელმწიფოები არ ჩართონ. კერძოდ, საუბარია კვანტური კომპიუტერების, ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების წარმოებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0