კომპანიამ ჭიათურაში გაფიცულ მეშახტეებს ახალი პირობები შესთავაზა

© photo: Sputnik / Stringerმეშახტეების გაფიცვა ჭიათურაში
მეშახტეების გაფიცვა ჭიათურაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2023
გამოწერა
მათთვის, ვისაც არ სურს სამუშაოს დაწყება მედიაციის პროცესის დასრულებამდე, სპეციალური სამუშაო რეჟიმი 1 აგვისტომდე გაგრძელდება და მათი ხელფასის 60% ანაზღაურდება, განაცხადეს კომპანიაში.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. კომპანია Georgian Manganese Holding-მა გაფიცულ მეშახტეებს ახალი პირობები შესთავაზა და მზადაა მათთან შეთანხმებაც გააფორმოს.
საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მეათე დღეა იმართება. 13 ივნისს ცხრა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცვის მიზეზი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.

„კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს – შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები. შესაბამისად, კომპანია გამოხატავს მზადყოფნას მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანხმობას გამოთქვამს მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც გაფიცულებთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდის შემდეგ გავრცელდა.

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში: რა დათმობაზე წავა კომპანია? >>
განცხადების თანახმად, კომპანია ასევე სთავაზობს ყველა იმ თანამშრომელს, ვისაც სურს მუშაობის დაწყება, დაუყოვნებლივ გახსნას საწარმოები და თანამშრომლები 100%-იან სახელფასო ანაზღაურებაზე გადაიყვანოს. ხოლო მათთვის, ვისაც არ სურს სამუშაოს დაწყება მედიაციის პროცესის დასრულებამდე, სპეციალური სამუშაო რეჟიმი 1 აგვისტომდე გაგრძელდება და მათი ხელფასის 60% ანაზღაურდება, განაცხადეს კომპანიაში.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, მიმდინარე წლის თებერვლიდან ის სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეჩერებულია და უკვე მეხუთე თვეა კომპანია 3.382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.
გაფიცულთა ძირითად მოთხოვნებს შორისაა – არსებული სამუშაო გრაფიკის დაბრუნება და ხელფასების გაზრდა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხის გადაწყვეტის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო, დაინიშნა მედიატორი.
მედიაციის პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.
ყველა ახალი ამბავი
0