შარლ მიშელმა ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი
ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2023
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო პირობების შესრულების კუთხით – ეს იყო მთავარი თემები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამუშაო შეხვედრაზე ბრიუსელში.
შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.

„ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოსა და ბელგიის პრემიერ–მინისტრებმა ბრიუსელში გლობალური გამოწვევები განიხილეს >>
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

„შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე შეხვდა ბელგიელ კოლეგა ალექსანდერ დე კროოს. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია.
ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ევროპალია–საქართველოს" პროგრამის წარდგენის პარალელურად იმართება.
ფესტივალი წელს სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ევროპული ისტორიის, იდენტობისა და კულტურის წარმოსაჩენად.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0