„მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება“: „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტის შესახებ

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2023
გამოწერა
პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, რადგან მათში მარეგულირებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხე დაინახა.
თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. როდესაც ეროვნული ბანკის საბჭო არ არის ბოლომდე დაკომპლექტებული და პრეზიდენტი უარს ამბობს საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენაზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იძულებულია მიიღოს გადაწყვეტილება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველმა პარტიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს , რომელიც მან დაადო „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს. ეს ცვლილებები ითვალისწინებს საბჭოს წევრების რაოდენობის დროებით გაზრდას, რადგან პრეზიდენტმა უარი თქვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე. დღეს საბჭოში 9-ის ნაცვლად 7 წევრია.
„ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი. მაშინ, როდესაც საბჭოს ორ წევრს ვადა აქვს გასული, ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსაც მალე გასდის ვადა და პრეზიდენტი იქცევა ისე, როგორც იქცევა, მისი ამ ქცევით იკეტება შანსები რომ მალე დაინიშნონ, აირჩნენ თავის ადგილებზე ადამიანები, რომლებიც უნდა გაუძღვნენ მერე ბანკის საქმიანობას. სხვა გზა არ გაქვს, რომ სამართლებრივად კიდევ უფრო სწორი და მკაფიო გადაწყვეტით გადავჭრათ ეს პრობლემა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ადანაშაულებენ ინფლაციაში ან ლარის დევალვაციაში, ამიტომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას ეროვნული ბანკის მუშაობის გაუმჯობესებაზე.
„სწორად გადაწყვეტა არის ეროვნული ბანკის შესაძლებლობა, რომ მან მართოს პროცესები ლეგიტიმურად ისე, რომ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ეკონომიკური საკითხები სწორად გადაიჭრას, სწორი სავალუტო თუ ეკონომიკური პოლიტიკა იქნეს დალაგებული მათი მხრიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ საბჭოს კიდევ ერთი წევრის დამტკიცება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევას შეუწყობს ხელს.
ეროვნული ბანკის ბოლო პრეზიდენტის, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ამოეწურა. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეიძლება გახდეს მხოლოდ საბჭოს წევრი, რომელსაც თავად საბჭოს წევრები აირჩევენ და დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ.
იმავდროულად, ცვლილებების მიღებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეწინააღმდეგება. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის განცხადებით, ცვლილებებმა შესაძლოა შეაფერხოს სავალუტო ფონდის შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესი საქართველოში და გამოიწვიოს ეკონომიკური გაურკვევლობის ზრდა.
„ცვლილებების მიღება კი არ გააძლიერებს, არამედ შესაძლოა შეამცირებს ეროვნული ბანკის, როგორც სტაბილურობის საყრდენის როლს. ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, ეროვნული ბანკი არის საქართველოს მთავარი ინსტიტუტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიფიქრონ საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევა და არ მიიღონ ცვლილებები, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს შეუწყობს გრძელვადიან და პოზიტიურ თანამშრომლობას მიმდინარე შეთანხმების ფარგლებში“, - განაცხადა ჯონსმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თებერვლის ბოლოს „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, რადგან მათში მარეგულირებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხე დაინახა.
მიკერძოებული თუ პრინციპული: რეაქციები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტთან დაკავშირებით >>
საკამათო ცვლილებების მიღების შედეგად ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (პირველი ვიცე-პრეზიდენტის გარდა) უფლებამოსილების ამოწურვამდე (2023 წლის დეკემბრამდე) ეროვნული ბანკის საბჭოში ხუთი აღმასრულებელი იქნება: პრეზიდენტი, პირველი ვიცე პრეზიდენტი და სამი ვიცე პრეზიდენტი, ასევე საბჭოს სხვა წევრები.
„ქართული ოცნება“: პრეზიდენტმა შეთანხმება დაარღვია, კანონში შესატან ცვლილებებს მივიღებთ >>
დროებითი ცვლილების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ ოთხი აღმასრულებელი იქნება. იმ განსხვავებით, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის ერთი პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, რომლებზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, საუბარია პრეზიდენტზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტზე და ორ ვიცე-პრეზიდენტზე.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში უცხოური ვალუტების კურსის ფორმირების წესზე.
ყველა ახალი ამბავი
0