„ქართული ოცნება“: პრეზიდენტმა შეთანხმება დაარღვია, კანონში შესატან ცვლილებებს მივიღებთ

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2023
გამოწერა
მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამო ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელის არჩევა ვერ ხერხდება
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია მთავრობასთან ეროვნული ბანკის კანდიდატურაზე მიღწეული შეთანხმება, ამიტომ მარეგულირებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მიღებული იქნება, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თებერვლის ბოლოს „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო, რადგან მათში მარეგულირებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხე დაინახა. ცვლილებები გულისხმობს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა ადგილიდან უმრავლესობა დროებით დაეთმოს ხელმძღვანელობას - ხუთი ოთხთან.
„პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
შეთანხმების თანახმად, „ქართული ოცნების“ მონაცემებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში პარლამენტისთვის დასამტკიცებლად უნდა წარედგინა საქართველოს ფინანსთა მოქმედი მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა. ამის სანაცვლოდ, მმართველი პარტია უარს იტყოდა ვეტოს დაძლევაზე და საკამათო კანონპროექტის მიღებაზე.
დღეისათვის ცხრა კაციან საბჭოში მხოლოდ შვიდი წევრია, რადგან ორს უფლებამოსილება ამოეწურა. ამასთან, დეკემბერში უფლებამოსილება საბჭოს კიდევ ორ წევრს ეწურება, თუმცა, კანონის თანახმად, ეს ხელს არ შეუშლის ორგანოს ფუნქციონირებას. თავისი მოვალეობების შესასრულებლად საბჭოს უნდა ჰყავდეს სულ მცირე ხუთი წევრი.
ნდობის დაკარგვის რისკი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა „ოცნების" დეპუტატები გააკრიტიკა >>
„ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ბოლო პრეზიდენტის, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ამოეწურა. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეიძლება გახდეს მხოლოდ საბჭოს წევრი, რომელსაც თავად საბჭოს წევრები აირჩევენ და დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ.
„საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არის მარეგულირებლის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს ბოლო წევრი, რომელიც იქ პირველად ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მოხვდა.
„იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ახლა „საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო“.
საკამათო ცვლილებების მიღების შედეგად ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (პირველი ვიცე-პრეზიდენტის გარდა) უფლებამოსილების ამოწურვამდე (2023 წლის დეკემბრამდე) ეროვნული ბანკის საბჭოში ხუთი აღმასრულებელი იქნება: პრეზიდენტი, პირველი ვიცე პრეზიდენტი და სამი ვიცე პრეზიდენტი, ასევე საბჭოს სხვა წევრები.
დროებითი ცვლილების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ ოთხი აღმასრულებელი იქნება. იმ განსხვავებით, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის ერთი პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, რომლებზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, საუბარია პრეზიდენტზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტზე და ორ ვიცე-პრეზიდენტზე.
„დავაში იბადება ჭეშმარიტება“ - არის თუ არა მოსალოდნელი პრეზიდენტის იმპიჩმენტი >>
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში უცხოური ვალუტების კურსის ფორმირების წესზე.

საკამათო კანონპროექტი

თავდაპირველი კანონპროექტის მიხედვით, უნდა შექმნილიყო ახალი თანამდებობა - ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, რომელიც მარეგულირებლის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებდა. ამრიგად, ეროვნული ბანკის ცხრა ადამიანისგან შემდგარ საბჭოს აღმასრულებელთა რაოდენობა ოთხიდან ხუთამდე უნდა გაზრდილიყო.
ცვლილებების ავტორებმა, დეპუტატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ თავიანთი ინიციატივა იმით ახსნეს, რომ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, ვინ იქნება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ (მარტში).
ეროვნული ბანკი მსგავს ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ აღმასრულებელ წევრთა რაოდენობის ზრდა ეროვნული ბანკის საბჭოში ბალანსს დაარღვევს და, შესაბამისად, გავლენას მოახდენს მისი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობაზე.
შედეგად, პარლამენტმა თებერვალში მიიღო ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობას უცვლელად ტოვებს, მაგრამ სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთი გახდება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.
პრეზიდენტმა ცვლილებებს ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ვეტო დაადო >>
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურის ცვლილებაში დაინახა დაუღალავი შრომით შეძენილი ნდობის დაკარგვის რისკი.
ცოტა ხნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის გადაწყვეტილების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება არ იყო საჭირო და წარსულში პრობლემა არ წარმოქმნილა იმის გამო, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებდა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელია პერსონალიზებული კანონების მიღება, რომლებიც უხეშ ჩარევას ითვალისწინებს კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის მართვაში. ეს, პრეზიდენტის თქმით, აღიქმება როგორც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობა.
დღეისათვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს შორის არიან საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. გაგუა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო თურნავა და მიქაბაძე საბჭოს დამოუკიდებელი წევრები არიან.

დაძაბულობა იზრდება

ზურაბიშვილსა და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ შორის, რომლის მხარდაჭერითაც ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, ურთიერთობა უფრო მეტად დაიძაბა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადებაში ჩამოთვალა ყველა ის პრობლემა, რომელიც პრეზიდენტთან ღია კონფლიქტში გადაიზარდა, მათ შორის ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილმა უარი თქვა თანამდებობებზე ელჩების დანიშვნაზე.
„საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ქმედებების გამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ამავდროულად, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ექსპერიმენტი ჩავარდა - პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს ხელმძღვანელის არჩევის წესზე >>
იქვე აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილმა წარდგენილი კანდიდატები უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე მხოლოდ მას შემდეგ დანიშნა, რაც მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რათა პრეზიდენტისთვის მისი უფლებები განემარტა.
პრობლემები შეიქმნა ასევე ცესკოს თავმჯდომარის „ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშირებითაც.
„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსმა ისინი საუკეთესო კანდიდატებად გამოავლინა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამით კი, „ოცნების“ თვალსაზრისით, ზურაბიშვილმა დაარღვია შერჩევის სამართლიანობის პრინციპი და უარი თქვა სამი კანდიდატის წარდგენაზე მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ მხარდაჭერაზე ოპოზიციის ნაწილი ამბობდა უარს.
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ იმყოფება >>
„პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის საბოტაჟის ღია მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია. საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა გადაესინჯა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ნაკლოვანი, საბოტაჟის წამახალისებელი წესი, რათა ცესკოს სრულფასოვანი ფორმირება გამხდარიყო შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მმართველ პარტიას პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები აქვს. კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს, პრეზიდენტი კი მაინც უარს იტყვის კანონის ხელმოწერაზე, ის ძალაში შევა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0