ნიკა მელია მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ინტერესების შესახებ

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2023
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა ხაბეიშვილის მეთაურობით საბედისწერო შეცდომებს უშვებს.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და თავდაცვის ექს-მინისტრს, ბიზნესმენსა და ტელეკომპანია „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს მერკანტილური და არა ქვეყნის ინტერესები ამოძრავებთ, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები, რომელსაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი უჭერენ მხარს. ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და მელია თავმჯდომარის პოსტზე ჩაანაცვლა. ამასთან, მელია ამტკიცებს, რომ პარტიას არაფორმალურად კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ.

„იქ, სადაც არიან მერაბიშვილი, კეზერაშვილი, არ არის ქვეყნის ინტერესი. იქ არის ანგარება და მერკანტილური ინტერესები", – განაცხადა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში.

მელიამ ასევე გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის წელს ჩატარებული არჩევნები. პოლიტიკოსის თქმით, პარტიის ახალი ხელმძღვანელობა ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით საბედისწერო შეცდომებს უშვებს.

„ეს პარტია კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას. უამრავი ადამიანი, და ერთ-ერთი მე, ვცდილობთ პარტია გადარჩეს, როგორც პლატფორმა, რომელიც იქნება მიმზიდველი, გადარჩეს პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა და არა არსებულის განზიდვა. შესაძლებელი იქნება ჯამის მატება და არა ჯამის კლება, ძალების კონსოლიდაცია", – განაცხადა მელიამ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
„ნაცმოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებენ>>
მმართველ პარტიაში უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის" დაშლას აანონსებენ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, „ნაცმოძრაობა" პოპულარობით საქართველოში მეორეა, თუმცა მმართველ პარტიას დიდად ჩამორჩება.
ვინ არიან კეზერაშვილი და მერაბიშვილი
აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას", სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის" ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.
კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთ პარტიაში არ არის გაწევრიანებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და არ შეუძლია თავისი პოზიცია ჰქონდეს.
კობახიძე: ვინ დგას რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში>>
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე „მისტერ ოფშორი" დგას.
რაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
კეზერაშვილი, როგორც შიდსი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - ნიკა მელია>>
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
ამაზე პასუხად კი „ნაციონალურ მოძრაობაში" განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.
ყველა ახალი ამბავი
0