პრემიერმა ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
ოპოზიციურმა პარტიამ „დროა" გადაწყვიტა, რომ 2019 წლის შემდეგ პირველ რეისს მოსკოვიდან თბილისში საპროტესტო აქციით დახვდეს.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ოპოზიცია ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, როდესაც რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგ გამოდის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასეთი კომენტარი გააკეთა მთავრობის მეთაურმა ელენე ხოშტარიას ოპოზიციური პარტიის „დროა" გეგმებზე – პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ პირველ რეისს მოსკოვიდან თბილისში საპროტესტო აქციით დახვდეს. აქციის მონაწილეები აპირებენ შეკრებას რესპუბლიკის მოედანზე და შემდეგ ავტომობილებით მსვლელობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ.
„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, თუ როგორი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და მოქმედებს სრულიად გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიცია", – განაცხადა პრემიერმა.
დეპუტატი: აშშ-დან მუქარის ტონი მოდის>>
ღარიბაშვილმა მაგალითად ელენე ხოშტარიას 2011 წლის ინტერვიუ მოიყვანა, სადაც პოლიტიკოსი „პირადად ლობირებდა ფრენების შესრულებასაც, უვიზო რეჟიმის გამართლებას ცდილობდა (რუსეთის მოქალაქეებისთვის - რედ.), ასევე საუბრობდა, რომ აუცილებელი იყო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება რუსეთთან".
პრემიერმა ასევე გაიხსენა, რომ ეს ადამიანები და მათი ლიდერი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად ხვდებოდნენ ტურისტებს რუსეთიდან საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

„ეს ადამიანები ასე ურცხვად ატყუებენ საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას, ანუ გვეუბნებიან, რომ საზოგადოებას რასაც ეტყვიან, უნდა დაიჯერონ, ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. აი, ამ დამოკიდებულების გამო ისინი დღეს და ყოველთვის იქნებიან ხელმოცარული ოპოზიცია. რაც იყო მათთვის დასაშვები, თურმე, დღეს არის დაუშვებელი, სად არის ლოგიკა?" – განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე მიუთითა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს არანაირი კამპანია არ გაუმართავთ არც სანქციების დაწესებაზე, არც რამე შეზღუდვებზე რუსეთისთვის.
მოგვიანებით მათ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები გადასცეს, შემდეგ კი ცალმხრივად გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და გახსნეს ფრენები, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„და დღეს გვეუბნებიან, რომ... ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ და ეკონომიკაზე და ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ", – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი: ევროკავშირი განაგრძობს ვაჭრობას რუსეთთან, საქართველოს კი შეწყვეტისკენ მოუწოდებს>>
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი დიდი იდეის – ქვეყნის გაერთიანების მიღწევისკენ არის მიმართული.
„ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო, დიდ ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის ჩვენი უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესაძლო სანქციების შესახებ აფრთხილებს>>
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0