ეს არის ჩვენი სიმართლის გამარჯვება - პრემიერი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მომხრეების აქცია
სააკაშვილის მომხრეების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით სამკურნალოდ პოლონეთში გადასვლას ცდილობდა.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ჩვენი სიმართლის კიდევ ერთი აღიარება და გამარჯვებაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე უარი უთხრა საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე, ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.

„ხალხმა ნახა, რომ არცერთი მათი არგუმენტი და ფაქტი არ გაითვალისწინა სასამართლომ. სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური სამსახური და ეს სამედიცინო კლინიკა აკეთებს, არის სწორი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.

სააკაშვილის ყველა მოთხოვნაზე სასამართლომ უარი თქვა. ამით დასრულდა ყველა ცილისწამება და ბრალდება, რომელიც ისმოდა ხელისუფლების მისამართით ბოლო თვეების განმავლობაში, განაცხადა პრემიერმა.

„ამით, ვფიქრობ, ყველაფერი ითქვა, სახეზეა სიმართლე. ჩვენ არაფერს ვიგონებთ, არ ვმალავთ, ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება და ჩვენი სიმართლის გამარჯვება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებას მიაღწიონ. მათი განცხადებით, დაავადებები, რომლებიც ექს-პრეზიდენტს აღენიშნება, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
სააკაშვილის მდგომარეობა
2022 წლის მაისიდან მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
2023 წლის აპრილის დასაწყისში სახალხო დამცველის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მოწვეულმა ექიმებმა ბოლო გამოკვლევის შემდეგ განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა კვლავ უარესდება.
კლინიკაში სააკაშვილის მდგომარეობას ხსნიან იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს და იღებს მხოლოდ დაბალკალორიულ საკვებს, რაც წონის კლებას იწვევს.
პაპუაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილება მოწმობს, რომ ჩვენი ყველა მოქმედება კორექტული იყო>>
სასამართლოზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. ადვოკატების თქმით, ეს დაავადებები მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ადვოკატები, შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
კობახიძე: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის უფლებების დაცულობა დაადასტურა>>
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ბრეგაძე: სააკაშვილის მდგომარეობაზე მისი გარემოცვა აგებს პასუხს>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
ყველა ახალი ამბავი
0