პოლიციელებზე თავდასხმა მიუღებელია - შინაგან საქმეთა მინისტრი მარტის მოვლენებზე

© photo: Sputnik / Stringerსპეცრაზმი
სპეცრაზმი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2023
გამოწერა
გომელაურის თქმით, აქციაზე პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მასზე თავდასხმა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მიმდინარე წლის მარტში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება", - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, აქციაზე პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა და ძალას იყენებდა მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების რეალური საფრთხე და როდესაც აქციის მონაწილეები არღვევდნენ კანონს.
„30 წელია ვმუშაობ ძალოვან სტრუქტურებში - უსაფრთხოების სამსახურში, პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სამსახურში, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მინახავს. არც შევარდნაძის მმართველობის დროს მინახავს, რომ პოლიციელებს ცოცხლად დაწვა დაუპირეს და არც მერე", - განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, მინისტრმა ოპოზიცია დაადანაშაულა იმაში, რომ იგი იცავს მომიტინგეებს, რომლებმაც ძალა გამოიყენეს.
გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პოლიციამ: საგამოძიებო სამსახური ცალკეულ ფაქტებს სწავლობს>>>
„მათ სურთ, რომ ასეთი ადამიანები გამოუშვან. აბა, ვინ წაუკიდა ცეცხლი? პოლიციელები უკიდებდნენ ერთმანეთს ცეცხლს?“- განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, ყველამ უნდა დაიცვას კანონი და დაემორჩილოს პოლიციელის მოთხოვნას.
„თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველას გვსურს სამართლებრივი სახელმწიფო, მშვიდობიანი ქვეყანა, განვითარება, მაშინ ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა, პირველ რიგში, უნდა დაიცვას კანონი და არა მუდმივად შეუტიოს მნიშვნელოვან ინსტიტუტებს და ერთმანეთი დაასუსტოს პოლიტიკურად მოტივირებული, არაჯანსაღი კრიტიკითა და ბრალდებებით, მათ შორის პოლიციის წინააღმდეგ“, - განაცხადა გომელაურმა.
ნებისმიერი ევროპელი, დასავლელი, განვითარებული პოლიტიკოსი იამაყებდა თავისი სახელმწიფოს სამართალდამცავების მხრიდან ქმედებების იმ დონით, რაც ქართულმა პოლიციამ აჩვენა მარტის მოვლენების დროს, დასძინა მან.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი საპროტესტო აქციებზე ცალკეული პოლიციელების ქმედებების მართლზომიერების საკითხს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მარტში გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე ერთდროულად რამდენიმე საქმეს სწავლობს.
რაც შეეხება მარტის მოვლენებს, გრძელდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმის გამოძიება. აღნიშნულ საქმეში ორი პირი ფიგურირებს, მათგან ერთი - ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაშია, მეორე პირი კი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ყველა ახალი ამბავი
0