გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პოლიციამ: საგამოძიებო სამსახური ცალკეულ ფაქტებს სწავლობს

© photo: Sputnik / Stringerსპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველზე
სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა 3 ათასზე მეტ საათს შეადგენს.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მარტში გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე ერთდროულად რამდენიმე საქმეს სწავლობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
7-9 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 132 ადამიანი დააკავეს.
განათლების სამინისტრო: საპროტესტო აქციების მონაწილეები არავის არ დაუბარებია>>>
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ უკვე გამოკითხეს 91 მოწმე და მიიღეს ჩანაწერები ფაქტების დასადგენად. ამასთან, ჩანაწერები მიღებულია როგორც სატელევიზიო გადაცემებიდან, ისე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობების სათვალთვალო კამერებიდან.
„ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს 3 ათასზე მეტ საათს, რომლის შესწავლაც და საგამოძიებო ჯგუფის მიერ მათი საგამოძიებო წესით დათვალიერება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს", – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურს წვდომა ექნება აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ვიდეოჩანაწერებზე და შვიდი ტელეკომპანიის მასალებზე.
„ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერებისა და მასალების საპროცესო წესით სისხლის სამართლის საქმეში დამაგრების შემდეგ საგამოძიებო ჯგუფი მოახდენს მათ დეტალურ შესწავლას და დათვალიერებას", – აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულის გარდა საგამოძიებო სამსახურმა გამოითხოვა ყველა ინფორმაცია პარლამენტის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მუშაობის, ასევე კერძო კლინიკებსა და შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში დაზარალებულთა დახმარების გაწევის შესახებ.
ცალკეული საქმეები
საგამოძიებო სამსახური სწავლობს 8 მარტს ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ნიკა მოსიაშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებს.
საქართველოს სახალხო დამცველოს აპარატის ცნობით, მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდგინდა, ჯაფარიძეს კი თავის არეში ძლიერი დაზიანებები აღენიშნებოდა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ოპოზიციონერების დაკავების ადგილზე სათვალთვალო კამერა დაზიანებული იყო.

„სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული იქნა აღნიშნული ჩამწერი მოწყობილობა, რომელზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა მოწყობილობის დაზიანების მიზეზების დადგენის, მასში არსებული ჩანაწერების მოპოვების (მათ შორის, აღდგენის გზით) და გამოძიებისთვის საინტერესო სხვა გარემოებების დასადგენად", – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც დაკავება განახორციელეს.
საგამოძიებო სამსახური ცალკე საქმედ იძიებს მოქალაქე ზაზა ბიგიაშვილის საქმეს. წინასწარი ინფორმაციით, აქციაზე მან მხედველობა ნაწილობრივ დაკარგა.
ბიგიაშვილს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება და ის დაიკითხა.
ყველა ახალი ამბავი
0