მთავრობა თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენებას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2023
გამოწერა
ფინანსთა მინისტრის თქმით, ახალ აეროპორტს ექნება საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, რომ განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი მგზავრი მოიზიდოს.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიის გრძელვადიანი განვითარების მიზნით თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას გეგმავს, იუწყება მედიაპლატფორმა BMG საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილზე დაყრდნობით.
მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. თბილისის აეროპორტს არ აქვს იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სამხრეთ კორეაში განაცხადა, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფება.
ამ ეტაპზე თბილისის მახლობლად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის უფლება შეზღუდულია, რასაც კომპანია TAV Georgia-სთან არსებული ხელშეკრულება განაპირობებს.
საქართველოს მთავრობასა და TAV Georgia-ს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის აეროპორტის გარშემო 200 კილომეტრის რადიუსში საერთაშორისო ფრენების განხორციელება შეზღუდულია. აღნიშნული ხელშეკრულება 2027 წლამდე არის მოქმედი.

„არის ვარაუდი, რომ სანამ დასრულდება ეს ვადა და ეს ხელშეკრულება, იმ დროისათვის უკვე ახალი აეროპორტი იქნება მწყობრში", – განაცხადა ხუციშვილმა.

ამ მიმართულებით გარკვეული კვლევები ჯერ კიდევ არის განსახორციელებელი, რადგან აეროპორტი და ეკონომიკურად მისი ფუნქციონირება გამართული უნდა იყოს, აღნიშნა მან.
„თუმცა, არსებული ციფრებიდან და მგზავრთნაკადიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში შეიძლება არც იყოს საჭირო სახელმწიფოს სუვერენული დაფინანსება", – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, TAV-თან ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკმაოდ მძიმე შეზღუდვაა.
როგორ ხუციშვილმა აღნიშნა, ახალი აეროპორტის მშენებლობის ერთ-ერთი მიზეზია ისიც, რომ ბევრი ავიაკომპანია, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი, მაღალი ტარიფების გამო თბილისიდან ვერ დაფრინავს.
ახალ აეროპორტს კი ექნება საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, რომ განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი მგზავრი მოიზიდოს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმისთვის, განაცხადა მინისტრმა.
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - ბოლო მონაცემები>>>
ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში თვითმფრინავით შემოსული მგზავრების მიერ დახარჯული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე სახმელეთო გზით შემოსული მგზავრების დანახარჯები. შესაბამისად, ავიაციის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
TAV Georgia, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს უწევს ოპერირებას, თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. ამჟამად მოქმედი კონტრაქტის თანახმად, თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება. კომპანიაში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
2023 წლის მარტში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში შევიდა და მიიღო ჯილდო Skytrax World Airport Awards.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში თბილისის აეროპორტი 713,7 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 41%-ით აღემატება 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს. პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობის მაჩვენებელი 89%-ით დაიბრუნა.
ყველა ახალი ამბავი
0