თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება: საქართველო და კორეა მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

© photo: Sputnik / Petrov / გადასვლა მედიაბანკშისეული
სეული - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2023
გამოწერა
მინისტრის მოადგილის თქმით, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს 2023 წლის ბოლომდე დაიწყებს, განაცხადა კორეაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ 2022 წლის ნოემბერში გააფორმეს. კვლევამ აჩვენა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე სამხრეთ კორეას.

„საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმება", – განაცხადა არველაძემ.

მისი თქმით, ეს გაზრდის არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვას, არამედ დადებითად აისახება თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში.
მინისტრის მოადგილემ მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ კორეის ვიცე-პრემიერ ჩოო კიუნგ ჰოსთან განიხილა.
არველაძის თქმით, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველომ და კორეამ შეიძლება 2023 წელს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე (Economic Partnership Agreement) მოლაპარაკებები დაიწყონ.
2 მაისს არველაძემ ასევე კორეის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჩანგ იონგ ანისთან გამართა შეხვედრა.
საქართველო და კორეა სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებენ>>>
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, რომელიც მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვ.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, გარემოს დაცვა და სხვ. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაიწყება.
სტატისტიკური მონაცემებით, ინვესტიციები საქართველოში კორეიდან პირველად 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, ინვესტიციების მოცულობამ 209,5 მლნ დოლარი შეადგინა. მათ შორის, 2016–2021 წლებში ინვესტიციების მოცულობა 128,9 მლნ დოლარი იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის 2023 წლის იანვარ–მარტში 19,7 მლნ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0