დარიშხანის კერები საქართველოში - რას გეგმავს სამინისტრო

© Ministry of Environment Protection and Agricultureსოფლებს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დარიშხანისგან გაწმენდენ
სოფლებს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დარიშხანისგან გაწმენდენ - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2023
გამოწერა
იგეგმება დაბინძურებული ტერიტორიების კაპიტალური შემოღობვა, ხოლო მომავალი წლიდან დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სოფლებს ცანასა და ურავს, სადაც ადრე სამთო-ქიმიური ქარხნები იყო, საშიში კანცეროგენული ნახევარლითონის – დარიშხანის ნარჩენებისგან გაწმენდენ, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქმე ისაა, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მდებარე ამ სოფლებში დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსების კერები არსებობს. ისინი 1993 წელს ამ ტერიტორიაზე არსებული სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა. თავად დარიშხანის საბადოები დაკონსერვებულია, ამ შხამიანი და კანცეროგენული ნახევარლითონის წარმოება კი – შეწყვეტილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ქვემო სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

„ჯერ კიდევ წინა საუკუნეებიდან მოგვყვება მემკვიდრეობა სახიფათო ნარჩენების კუთხით და მათ შორის არის სოფელ ცანასა და სოფელ ურავში არსებული ადგილები. ჩვენ აქ გარკვეული ღონისძიებები გავატარეთ გასულ წლებში, თუმცა ბოლომდე ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები", – აღნიშნა მინისტრმა

უახლოეს მომავალში დაიწყება ამ ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები, პარალელურ რეჟიმში მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და შესაბამისი პროექტი განხორციელდება, რაშიც აუცილებლად ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები.
„ვფიქრობ, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ყველა სამუშაოები იქნება დასრულებული და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება გადაჭრილი", – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელობა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დაეკისრა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სახელმწიფომ დაიწყო პროექტზე მუშაობა, რომელიც რეგიონში 30-წლიან პრობლემას მოაგვარებს. პროექტის განხორციელების შედეგად ნარჩენების სრული უტილიზაცია და კონსერვაცია მოხდება.
საქართველო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობას გააძლიერებს>>
სოფელ ცანაში ასევე იმყოფებოდნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
„მოხარული ვარ, რომ მინისტრთან ერთად მოვინახულეთ უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილები. ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში გავეცნობით ქვეყნის შესაძლებლობებს ქიმიური უსაფრთხოების მიმართულებით", – აღნიშნა ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს პროგრამის „ქიმიური ელიმინაცია და უსაფრთხოება" ოფიცერმა სკაილარ ბეიტსმა.
დარიშხანი ქიმიური ელემენტია, რომელიც შედის აზოტის ქვეჯგუფში. ის შხამიანი და კანცეროგენული ნახევარლითონია. გამოიყენება ბევრ სფეროში.
დარიშხანით მწვავე მოწამვლის უშუალო სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა. მათ მოსდევს კიდურების დაბუჟება და ჩხვლეტა, კუნთების კრუნჩხვები და, ყველაზე მძიმე შემთხვევებში, სიკვდილი.
ყველა ახალი ამბავი
0