საქართველო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობას გააძლიერებს

© AFP 2024 / POOL / JOCHEN LUEBKEრადიაციული საფრთხე
რადიაციული საფრთხე - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2023
გამოწერა
რადიაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით სისტემური ნაბიჯების გადადგმა გრძელდება, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. პარლამენტში განიხილება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომელიც შემუშავებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) რეკომენდაციების შესაბამისად. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
შამუგიას თქმით, მთავარ მიზანს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სისტემების გაძლიერება წარმოადგენს.

„ეს პროგრესი აღიარებულია როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. ევროკავშირის მხარდაჭერით კვლავ გრძელდება რადიაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით სისტემური ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა შამუგიამ.

საქართველოში თავდაპირველად კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ 2012 წელს იქნა მიღებული.
კანონი კრძალავს რადიაქტიური ნარჩენების ტრანზიტს საქართველოს გავლით, ასევე მათ იმპორტს. რაც შეეხება ექსპორტს, ის დასაშვებია მხოლოდ სპეციალური სახელმწიფო ნებართვის საფუძველზე.
რადიაციული ავარიის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს რადიაციული დაბინძურების რისკი საქართველოს საზღვრებს გარეთ, მთავრობა ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო საქართველოს რადიაციულ უსაფრთხოებაში დაეხმარება >>
ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე 2014 წლის 25 მარტს მიღებული კომუნიკეს საფუძველზე 2015 წლის დეკემბერში საქართველომ რუსეთს გამდიდრებული ურანი დაუბრუნა. ახლა ქვეყნის ტერიტორიაზე გამდიდრებული ურანის მარაგი არ არსებობს.
მანამდე საქართველოში ურანს იზოტოპების ინსტიტუტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვლევითი ბირთვული რეაქტორი იყენებდნენ. რეაქტორის მუშაობა 1990 წელს შეწყდა.
ყველა ახალი ამბავი
0