საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს - პრემიერი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი
ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეასრულა და 2023 წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
პრემიერმა შარლ მიშელს გაუზიარა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე ვენეციის კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR).

„პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და, მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ევროპული პერსპექტივის მონიჭება – ეს არის ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
პრემიერმა სოციალურ ქსელში შარლ მიშელთან შეხვედრა შეაჯამა და მას ნაყოფიერი უწოდა.

„ჩვენ შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ხელს შევუწყობთ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
დარჩა სამი: „ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს ასრულებს >>
შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნათა უმეტესი ნაწილი და მიაღწია უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ.
ყველა ახალი ამბავი
0