აქონდროპლაზია საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმოსთან კონსულტაციებს მართავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2023
გამოწერა
ექსპერტები სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სწავლობენ არსებულ ინფორმაციას, აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროში
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო პრეპარატის შემოტანაზე კონსულტაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მართავს, განაცხადა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
იშვიათი დაავადებების საკითხებზე საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აპრილის დასაწყისში არ მისცა დადებითი რეკომენდაცია იშვიათი დაავადების – აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის „ვოქსზოგოს" შესყიდვაზე. გადაწყვეტილების მიღებამდე და შემდეგაც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციას მართავდნენ და ხელისუფლებისგან პრეპარატ „ვოსორიდიტის“ შემოტანასა და მასზე წვდომას მოითხოვენ.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაგვეხმარა იმაში, რომ მოგვეპოვებინა ის დადებითი მოსალოდნელი ეფექტი და მოსალოდნელი რისკები („ვისირიტიდის“ გამოყენების შედეგად - რედ.). ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სინთეზი და ექსპერტების მიერ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა მან.
ამასთან მან აღნიშნა, რომ სპეციალურ სამუშაო ჯგუფში შემავალი ექსპერტები ახლა არსებულ ინფორმაციას სწავლობენ.
„მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდეს მეტი საერთაშორისო მონაცემები და მტკიცებულება, თუ რამდენად ეფექტურია მედიკამენტი, როგორ მოხდეს მისი უსაფრთხოდ დანერგვა და შემდეგ, სამინისტრო მზად არის შესყიდვის პროცედურები დაიწყოს“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, თუ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს პრეპარატის გამოყენებას სექტემბრამდე, ჯანდაცვის სამინისტრო მომწოდებლებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პრეპარატს არ გააჩნია სამკურნალო ეფექტი, ეს არის კონკრეტულად ზრდის მასტიმულირებელი მედიკამენტი.
„კონკრეტულად ამ მედიკამენტს თანმხლები სიმპტომების მართვის პოტენციალი და შესაძლებლობა არ გააჩნია. პრეპარატის ცნობილი ეფექტია სიმაღლეში ზრდის გარკვეული დაჩქარება, რაც მცირე კვლევებით დადასტურდა და ახლაც შეინიშნება“, - განაცხადა გაბუნიამ.
აქონდროპლაზია არის თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც ირღვევა ჩონჩხის და თავის ქალის ფუძის ძვლების ზრდის პროცესი. პათოლოგიის განვითარების მიზეზია გენეტიკური მუტაცია. ზოგიერთი ნაყოფი მუცლად ყოფნის პერიოდშივე იღუპება. დარღვევები შესამჩნევია სიცოცხლის პირველივე დღეებიდან: თავი გადიდებულია, კიდურები დამოკლებულია.
აქონდროპლაზია ვითარდება 25 ათასიდან ერთ ბავშვს. მედიის ინფორმაციით, საქართველოში ეს დიაგნოზი 12 ბავშვს აქვს დასმული.
ერთ ბავშვზე პრეპარატის წლიური დოზის ღირებულება 900 ათას ლარს აღწევს. პრეპარატის გამოყენება აუცილებელია სრულწლოვანებამდე, ხოლო მაქსიმალური ეფექტი წამლისგან, კვლევების თანახმად, წელიწადში 1,6 სანტიმეტრით ზრდაა. პრეპარატს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს და განსაკუთრებულ შემთხვევებში.

რა ვითარებაა მსოფლიოში პრეპარატის გამოყენების კუთხით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ ადრე განაცხადა, რომ პრეპარატი „ვოსორიტიდი“ ამჟამად არ არის შეყვანილი ჯანმოს ძირითად სამკურნალო საშუალებათა ჩამონათალში.
„ვოსორიტიდი“ ამ დროისთვის არ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ესენციური მედიკამენტების სიაში. ის ასევე არ არის შეყვანილი რომელიმე კლინიკურ „გაიდლაინში“. ამ ეტაპზე, ჯანმო-ს არ აქვს შემუშავებული რეკომენდაციები, აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, რათა წევრმა ქვეყნებმა, ჩართონ ეს წამალი დაფინანსების სქემებში“, - ციტირებს დომენტეს ჯანდაცვის სამინისტრო.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც შეაფასეს აღნიშნული პრეპარატი, მათი რიცხვი ევროპაში ძალიან მცირეა, ესაა ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნები, აღნიშნა დომენტემ.
„ახლახან დაუშვა ესპანეთმა, საფრანგეთმა გააკეთა ადრეული წვდომა პრეპარატზე. რაც შეეხება გერმანიას და იტალიას, შეფასების პროცესში იტალიამ აღნიშნა, რომ წამალს აქვს ზომიერი სარგებელი, გერმანიის შემთხვევაში კი რაოდენობრივი სარგებელი არ გამოიკვეთა“, - აღნიშნა დომენტემ.
იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები ახალი პრეპარატის დაფინანსებას ითხოვენ >>
მისი თქმით, ინგლისმა და უელსმა ეს პროცესი ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყეს, თუმცა შეაჩერეს და შესაძლოა წელს განაახლონ. ირლანდიამაც დაიწყო შეფასების პროცესი გასულ წელს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
„სხვა ქვეყნების შემთხვევაში, მაგალითად აშშ, იაპონია - მათ შეფასების პროცესი არც დაუწყიათ და კვლავ ალტერნატიულ მკურნალობას იყენებენ, როგორიცაა ქირურგია და ზრდის ჰორმონი“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
ყველა ახალი ამბავი
0