არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობას პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებენ

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2023
გამოწერა
კლინიკაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობის პრობლემები იმიტომ შეექმნა, რომ უარს აცხადებს ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. „ნაცმოძრაობის" წევრების სურვილია, შეისწავლონ საკითხი – ირღვევა თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის უფლებები და იმყოფება თუ არა იგი შესაბამის პირობებში კლინიკა „ვივამედში", სადაც 2022 წლის მაისიდან მკურნალობს.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებენ მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. თუ რაიმე კომისიის შექმნა, მხარდამჭერი გუნდის შეკრება შეუძლიათ, დღეს ყველაზე მთავარია მიხეილ სააკაშვილთან მისვლა, დარწმუნება და მისი დახმარება, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება, შეასრულოს ექიმების დანიშნულებები და რეკომენდაციები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს.
მათ პოლიტიკური მიზნები აქვთ - ნადირაძე სააკაშვილის თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე>>>
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში „ლიმბახის" ლაბორატორიამ უარყო სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
იუსტიციის მინისტრი: მილიონიანი კამპანია ჩაიშალა - სააკაშვილი არ არის მოწამლული>>>
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
ყველა ახალი ამბავი
0