იუსტიციის მინისტრი: მილიონიანი კამპანია ჩაიშალა - სააკაშვილი არ არის მოწამლული

© Parliament of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2023
გამოწერა
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის კამპანია, რომელიც სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, მარცხით დასრულდა, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ოთხშაბათს კლინიკა „ვივამედის" (სადაც სააკაშვილი მკურნალობს) კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ ექს-პრეზიდენტი მძიმე ლითონებით მოწამლული არ იყო. მძიმე ლითონებით მოწამვლის თაობაზე განცხადება არაერთხელ გააკეთეს როგორც თავად სააკაშვილმა, ისე ამერიკელმა ექსპერტებმა.
„აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომლებზეც აპელირებდა მსჯავრდებული სააკაშვილის მხარე, სისხლში აბსოლუტურ ნორმაშია და, შესაბამისად, აქ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია... მთელი ეს ისტორია ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონდოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით", – განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
რამდენს იღებენ სააკაშვილის ლობისტები? გამოქვეყნდა კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან>>>
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს.
„სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან მოსახლეობა უყურებს სახელმწიფოს წინააღმდეგ კამპანიას, რომლის მიზანია საქართველოს დისკრედიტაცია და სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს სააკაშვილი მოწამლეს, ან ვიღაც აწამებს, ან არღვევს მის უფლებებს, რაც სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა მინისტრმა.
ბრეგაძემ ასევე გაიხსენა, რომ სააკაშვილს თავდაპირველად შესთავაზეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც უარი განაცხადა, შემდეგ მან ასევე უარი თქვა გამოძიებისთვის ნიმუშების გადაცემაზე.
„შესაბამისად, ბევრი კითხვა გაჩნდა: თუ ადამიანი მოწამლულია და მისი ჯანმრთელობა შეიძლება საფრთხის ქვეშაა, მაშინ რატომ არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენასა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებაში? ვფიქრობ, შექმნილი ვითარება მოსახლეობისთვის საკმაოდ ნათელია“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
პაპუაშვილი: სააკაშვილის ადვოკატებმა ერთ თვეზე მეტი დახარჯეს სარჩელის შედგენაზე>>>
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ Akerman LLP-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რათა ის მისი ვაჟის გათავისუფლების საქმეში დახმარებოდა.
სააკაშვილის საქმეს 2022 წლის ივლისიდან კომპანიის წარმომადგენელი მასიმო დ’ანჯელო უძღვებოდა.
კომპანია Akerman LLP-სთვის გადარიცხული თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ, 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც გამოიკვლიეს სააკაშვილი და მოამზადეს დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სააკაშვილის მდგომარეობა
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" იმყოფება, სადაც მას არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. თავის მხრივ, კლინიკაში პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას იმით ხსნიან, რომ ის არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და მიირთმევს მხოლოდ არაკალორიულ საკვებს, რაც წონაში კლებას იწვევს.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გაგზავნეს>>>
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
ყველა ახალი ამბავი
0