რამდენს იღებენ სააკაშვილის ლობისტები? გამოქვეყნდა კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
თანხის დიდი ნაწილი ამერიკელ ექიმებზე დაიხარჯა, რომლებმაც სასამართლოში სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ მისცეს ჩვენება.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა.
ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ Akerman LLP-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რათა ის მისი ვაჟის გათავისუფლების საქმეში დახმარებოდა.
სააკაშვილის საქმეს 2022 წლის ივლისიდან კომპანიის წარმომადგენელი მასიმო დ’ანჯელო უძღვებოდა.
კომპანია Akerman LLP-სთვის გადარიცხული თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ, 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც გამოიკვლიეს სააკაშვილი და მოამზადეს დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ექსპერტმა სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში ერიკ გოლდსმიტმა მიიღო 75,8 ათას დოლარზე მეტი, გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა – 79 ათას დოლარზე მეტი, ნევროლოგმა შაჰინ ემანუელ ლაჰანმა – დაახლოებით 107,4 ათასი დოლარი, ქირურგ-ორთოპედმა ჯეიმს კობიმ – 2,9 ათას დოლარზე მეტი, ტოქსიკოლოგმა დევიდ სმიტმა – 11,2 ათასი დოლარი.
პრეზიდენტმა სააკაშვილს ურჩია, გაათავისუფლოს ქვეყანა და ოპოზიცია ტყვეობიდან>>
სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლოში გამოსვლისას ამ ექსპერტებიდან ყველამ განაცხადა, რომ მას სასწრაფოდ ესაჭიროება უცხოეთში ერთ-ერთ სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექს-პრეზიდენტი შეიძლება მოკვდეს.
გარდა ამისა, კომპანია Akerman LLP-მ 35 ათასი დოლარი გადაუხადა კომპანია GP International LLC-ს, რომელთანაც გიული ალასანიამ კონტრაქტი 2022 წლის დეკემბერში და 2023 წლის იანვარში გააფორმა საერთაშორისო მასმედიაში სააკაშვილის მხარდამჭერი აქტიური კამპანიის ჩასატარებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვა ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურისტმა ბოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაცვის მოწმეებმა – როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, ვერ წარმოადგინეს სათანადო არგუმენტები და მტკიცებულებები. და ეს სპეციალისტების ობიექტურობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
სააკაშვილი პატიმრობაში რჩება - ექს-პრეზიდენტის რეაქცია და ადვოკატების გეგმები>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0