მათ პოლიტიკური მიზნები აქვთ - ნადირაძე სააკაშვილის თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2023
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საკითხზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა უფრო პოლიტიკურ მიზნებს ისახავს, ვიდრე საქმიანს, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიერ დაფუძნებულ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ნაცმოძრაობის" წევრების სურვილია მოხდეს შესწავლა საკითხის – ირღვევა თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის უფლებები და იმყოფება თუ არა იგი შესაბამის პირობებში კლინიკა „ვივამედში", სადაც 2022 წლის მაისიდან მკურნალობს.

„მგონია, ეს უფრო პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, ვიდრე საქმიანი. ვერც ამ შემთხვევაში ვხედავ პრობლემას. ალბათ რაღაც თავიანთი პოლიტიკური მიზნები აქვთ. როგორ ვისაუბროთ მკურნალობაზე, რომელსაც პაციენტი უნდობლობას უცხადებს და უარს ამბობს?“ – განაცხადა ნადირაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც, მათ შორის, უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
კლინიკა „ვივამედი": სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებები არ შეინიშნება>>>
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
ყველა ახალი ამბავი
0