კლინიკა „ვივამედი": სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებები არ შეინიშნება

© photo: Sputnik / Stringer მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
 მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2023
გამოწერა
ექიმის თქმით, სააკაშვილი კვლავ უარს აცხადებს მისთვის საჭირო კალორიული საკვების მიღებაზე.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ბოლო დროს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" იმყოფება, სადაც მას არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში დინამიკაში განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ მიერ შეთავაზებული მკურნალობის მეთოდები, დანამატები და ა.შ თითქმის არ სრულდება და იგი სიმპტომატიკურ მკურნალობაზეა“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ექიმის თქმით, სააკაშვილი კვლავ უარს აცხადებს მისთვის საჭირო კალორიული საკვების მიღებაზე.
„ტემპერატურა პერიოდულად შეინიშნება, მაგრამ მაინც ნორმის ფარგლებში რჩება. რაც შეეხება კვებას, ის კვლავ 400-500 კილოკალორიის ფარგლებშია", - განაცხადა ჩხაიძემ.
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
იუსტიციის მინისტრი: მილიონიანი კამპანია ჩაიშალა - სააკაშვილი არ არის მოწამლული>>>
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
სააკაშვილის მდგომარეობა
ოთხშაბათს კლინიკა „ვივამედის" (სადაც სააკაშვილი მკურნალობს) კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ ექს-პრეზიდენტი მძიმე ლითონებით მოწამლული არ იყო. მძიმე ლითონებით მოწამვლის თაობაზე განცხადება არაერთხელ გააკეთეს როგორც თავად სააკაშვილმა, ისე ამერიკელმა ექსპერტებმა.
საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლობლებისა და დაცვის მხარის კამპანია, თითქოს იგი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული, კრახით დასრულდა.
რამდენს იღებენ სააკაშვილის ლობისტები? გამოქვეყნდა კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან>>>
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ Akerman LLP-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რათა ის მისი ვაჟის გათავისუფლების საქმეში დახმარებოდა.
სააკაშვილის საქმეს 2022 წლის ივლისიდან კომპანიის წარმომადგენელი მასიმო დ’ანჯელო უძღვებოდა.
კომპანია Akerman LLP-სთვის გადარიცხული თანხის დიდი ნაწილი, კერძოდ, 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც გამოიკვლიეს სააკაშვილი და მოამზადეს დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
ყველა ახალი ამბავი
0