ქართველი მეღვინეები ჩინეთის პრესტიჟულ გამოფენაზე წარდგნენ

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო გამოფენაზე
ქართული ღვინო გამოფენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2023
გამოწერა
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელმა 34-მა კომპანიამ ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამართულ ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა The 100th China Food & Drinks Fair-ში მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოფენა The China Food & Drinks Fair ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენად ითვლება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეს იყო ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.
საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე მეორედ გახდა>>>
გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.

„პანდემიის შემდეგ საქართველო დაბრუნდა ჩინეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენაზე. ქართული დელეგაცია იყო ერთადერთი სტუმარი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობდა გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში... ისევე, როგორც ყველა სხვა მარკეტინგული ღონისძიება, აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართული ღვინის ცნობადობას და გაყიდვებს კიდევ უფრო გაზრდის ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე", – განაცხადა მეხუზლამ.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ლევან მეხუზლა ადგილობრივი ხელისუფლების, კომერციული კომპანიებისა და „ქართული ღვინის სახლების“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პოტენციალი და მარკეტინგული აქტივობების საკითხები განიხილეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით 2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0