„ხალხის ძალა“: აშშ-ის საელჩოს საქართველოში კორუფციული ინტერესები ამოძრავებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2023
გამოწერა
საელჩოს მთავარი ინტერესი არის სასამართლო სისტემაში შეღწევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, აცხადებს დეპუტატთა ჯგუფი.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. აშშ-ის საელჩო საქართველოში ხელმძღვანელობს კორუფციული ინტერესებით - შეაღწიოს საქართველოს სასამართლო სისტემაში და გაანადგუროს მისი დამოუკიდებლობა, ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღშფოთებულმა წევრებმა ამის გამო პრემიერთან შეხვედრა მოითხოვეს.
„საელჩო სინამდვილეში არა სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესით, არამედ სწორედ კორუფციული ინტერესების კარნახით მოქმედებს. მისი უმთავრესი ინტერესი კი სასამართლო სისტემაში შეღწევა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაა, რაც ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორებს აშშ-ის საელჩოს კორუფციული ინტერესების მაგალითად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ დაუწესებია სანქციები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ.
„იმ პირობებში, როცა ოთხ ქართველ მოსამართლეს მტკიცებულების გარეშე სჯიან, საელჩოს და „ენჯეოების“ ერთ-ერთ გამორჩეულ ფავორიტად რჩება ყოფილი მოსამართლე მამუკა ახვლედიანი, რომლის კორუფცია პირდაპირ ხელისგულზე დევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ ახვლედიანის კორუმპირებულობის მტკიცებულებად მიიჩნევს 2015 წლის აუდიოჩანაწერს, რომელიც ოპოზიციური ტელეარხი „რუსთავი2“-ის მაშინდელი გენდირექტორის, შემდგომში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიასა და ახვლედიანს შორის საუბარს ასახავს.
სანქცირებული ქართველი მოსამართლეები გადაწყვეტილებას აშშ-ის სასამართლოში გაასაჩივრებენ >>
ლაპარაკია 2016 წლის ოქტომბერში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ახვლედიანი გვარამიას მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირეზე შესჩივის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს „საცდელ ბალიშს“ უწოდებს. გვარამია მოსამართლეებისთვის და კიდევ ვიღაცისთვის თანხის – 6 მილიონიდან გარკვეული ნაწილის გადაცემის შესახებ საუბრობს.
ეს საუბარი, როგორც ადრე გვარამიამ აღიარა, მის მიერ ჩაწერილია 2015 წელს, როდესაც ახვლედიანი ჯერ კიდევ სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2017 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ჩანაწერის ავთენტიკურობა და გვარამიამ განაცხადა, რომ ის დაამონტაჟეს, რადგან მასზე მესამე თანამოსაუბრის ხმა არ ისმის. ის, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი იყო. და ის სწორედ ამ ადამიანთან საუბრობდა ფულზე და არა ახვლედიანთან.
„ხალხის ძალისთვის“ ეს ჩანაწერი არის დადასტურება იმისა, რომ იმ დროს გვარამიამ მოქმედ მოსამართლეს შესთავაზა დიდი ოდენობით ქრთამი, რაც აშკარად უხეში კორუფციული ქმედებაა.

„სახელმწიფო დეპარტამენტისა და კელი დეგნანის სტანდარტით, თავისთავად ეს ფაქტი უკვე იქნებოდა საკმარისი საფუძველი მამუკა ახვლედიანის დასანქცირებისთვის, თუმცა, ვხედავთ, რომ ახვლედიანი კვლავაც მათ ფავორიტად რჩება. მიზეზი მარტივია – ახვლედიანს საელჩო და ენჯეოები სასამართლოს დისკრედიტაციისა და სასამართლო კორპუსის გახლეჩის მიზნით დღემდე აქტიურად იყენებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ხალხის ძალა“ აღნიშნავს, რომ მოსამართლის პოსტის დატოვების შემდეგ 2016 წელს ახვლედიანმა 2,4 მლნ დოლარად სპორტული სკოლა „ოლიმპია“ შეიძინა.
„გადასახდელი თანხის წყაროდ მან ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოტანილი სესხი მიუთითა და თქვა, რომ ბანკი მას „პირადი ავტორიტეტის გამო“ ენდო. ვისაც შეხება ჰქონია საბანკო კრედიტებთან, დაგვერწმუნება, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება კრედიტის ოდენობას და პირის ყოველთვიური შემოსავალი ყოველთვიურად დასაფარ თანხას მნიშვნელოვნად არ აღემატება, საბანკო კრედიტს არავინ მოგცემთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ ამტკიცებს, რომ ახვლედიანმა საბანკო კრედიტი მხოლოდ ფულის გათეთრების ინსტრუმენტად გამოიყენა და 800 ათასი დოლარი ნაღდი ფული ახვლედიანმა გამყიდველს საბანკო კრედიტის გამოტანამდე ჯერ კიდევ სამი კვირით ადრე გადაუხადა.
„ამ ფონზე უნდა დაისვას მარტივი შეკითხვა: რატომ არ ასანქცირებს სახელმწიფო დეპარტამენტი მამუკა ახვლედიანს კონკრეტული მძიმე კორუფციული დანაშაულისთვის, რომელიც ხელისგულზე დევს? მით უმეტეს, რომ, როგორც ირკვევა, სახელმწიფო დეპარტამენტს და საელჩოს მოსამართლის სანქცირებისთვის არავითარი მტკიცებულება არ სჭირდება“, – სვამს კითხვას ორგანიზაცია.

ვინ არის ახვლედიანი

მამუკა ახვლედიანი სკანდალში არაერთხელ გახვეულა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2015 წლის დეკემბერში ახვლედიანს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობა გაუფუჭდა, მას შემდეგ, რაც ამ ორგანომ სასამართლოს მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. ახვლედიანმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და საბჭოს წევრების გადადგომა მოითხოვა.
ქართველმა მოსამართლეებმა სანქცირებულებთან სოლიდარობის გამო უარი თქვეს აშშ-ში გამგზავრებაზე >>
მოგვიანებით ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატთა გამოცდებისათვის განკუთვნილ ტესტებზე სწორი პასუხების გაჟონვას უკავშირდებოდა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პროკურატურა იძიებს.
2016 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო, რაც თბილისის სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მისი გადადგომით დასრულდა. ახვლედიანმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ უშედეგოდ.
2017 წლის თებერვალში „უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2016 წლის ივნისის მდგომარეობით, ახვლედიანი 6 მილიონი ლარის ქონებას ფლობს, რომელიც გაფორმებულია როგორც მის სახელზე, ისე მისი ოჯახის წევრებზე.
ამის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ და არჩილ თალაკვაძემ, ასევე მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სხვადასხვა დროს გააკეთეს განცხადებები, სადაც მიანიშნებდნენ იმაზე, რომ ახვლედიანმა ეს ქონება არაკეთილსინდისიერი გზით მოიპოვა.
„ეს იყო სიურპრიზი“ - პრემიერ-მინისტრი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე >>
ახვლედიანმა მათ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. ამ დროისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ არაფერია ცნობილი.

სანქციები

ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
ყველა ახალი ამბავი
0