როგორ გადააქვთ ბავშვებს ახლობლის სიკვდილი: რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

© Pixabay / Fetakoბიჭი წვიმაში
ბიჭი წვიმაში - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2023
გამოწერა
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ახლობელი ადამიანის დაკარგვასთან გამკლავების პროცესი ზოგადად ძალიან რთულია, მით უმეტეს, ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი მშობლებიც იგივე გრძნობებს განიცდიან, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, მშობლებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ მოქმედებს მწუხარება სხვადასხვა ასაკის ბავშვზე, რათა მის დასახმარებლად სწორი და „ჯანსაღი“ გზა იპოვონ.
როგორც ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, მწუხარება ბავშვებში ყველაზე ხშირად ახლობელი ადამიანის გარდაცვალებითაა გამოწვეული, თუმცა ეს გრძნობა შეიძლება სხვა სიტუაციებმაც აღძრას მასში, მაგალითად, რომელიმე მშობელთან განშორებამ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს მწუხარების გადატანაში

ბავშვის ასაკი დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ის ვინმეს გარდაცვალებას.
მართალია, სულ პატარებმა, ჩვილებმა არ იციან, რა ხდება ირგვლივ და როგორ უნდა გამოხატონ თავიანთი გრძნობები სიტყვიერად, მაგრამ ისინი ნამდვილად რეაგირებენ შეჩვეული და საყვარელი ადამიანის „დაკარგვაზე“ – ეუფლებათ მოუსვენრობა, თავს უნუგეშოდ გრძნობენ, ერღვევათ ძილისა და კვების ჩვეული რეჟიმი.
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
თუ განქორწინებას აპირებთ: როგორ გავუმხილოთ შვილს გაყრის ამბავი - ფსიქოლოგი გირჩევთ
2-4 წლის ბავშვები ეგოცენტრულები არიან. ფიქრობენ, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. სიკვდილის მათი გაგება თავისებურია: ჰგონიათ, რომ სიკვდილი — ეს ისაა, რომ გარდაცვლილი აღარ იზრუნებს მათზე.
ამ ასაკში ბავშვის რეაქციები ხშირად რეგრესიულია, ანუ ისე იქცევა, თითქოს იმაზე უფრო პატარაა ასაკით, ვიდრე სინამდვილეში არის. და ჭირვეულობას ყველაზე ხშირად ჭამის ან ძილის დროს ავლენს.
ამ ასაკში ბავშვებს მოფერება და ჩვეული რეჟიმის შენარჩუნება სჭირდებათ. ამიტომ არ დაარღვევინოთ დღის წესრიგი, რომელსაც უკვე მიჩვეულია, ანუგეშეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ და შეეხეთ უფრო ხშირად.
ნუ ილაპარაკებთ სიკვდილზე მასთან დიდხანს, ესაუბრეთ მისთვის გასაგებ სხვა თემებზე, ჰკითხეთ, როგორ გრძნობს თავს, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა და თქვენს სიტყვებს ვერ გაიგებს. სინამდვილეში ის ძალიან დააფასებს თქვენ ზრუნვას, ნუგეშის სურვილსა და გამხნევებას, რაც მას იოლად გადაატანინებს მწუხარებას.
5-7 წლის ბავშვებმა უკვე მეტი იციან სიკვდილის შესახებ, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ღრმა გაგება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ბავშვები უფრო დამოუკიდებლები არიან, მაინც ვერ განასხვავებენ ფანტაზიას რეალობისგან. მათ შეიძლება ეგონოთ, რომ სიკვდილი შექცევადი პროცესია.
ისინი უამრავ კითხვას სვამენ სიკვდილის რაობის შესახებ, აინტერესებთ, რა არის ეს და რა ხდება, როდესაც ადამიანი კვდება. შეიძლება გთხოვონ, რომ მასთან ერთად „სიკვდილობანა“ ითამაშოთ და გარდაცვლილის როლი შეასრულოთ.
ბავშვი ბნელ ოთახში - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2023
თუ ბავშვს შფოთვები და სტრესი აქვს: ეფექტური დახმარების ორი სცენარი
ამ ასაკში ბავშვის ტიპიური რეაქცია იქნება მუდმივი კითხვები, კოშმარები, ძილისა და კვების დარღვევები და ზოგჯერ თამაშის დროს სისასტიკის გამოვლენა.
მშობლები ძალიან დაეხმარებიან შვილს, თუ მას გრძნობების გამოხატვის საშუალებას მისცემენ — როგორც სიტყვიერად (მაგალითად, ისტორიების მოგონებით), ისე ნახატებით. ამ დროს ისინი ბავშვის გვერდით უნდა იყვნენ, ჰკითხონ, რას ქმნის ბავშვი, ელაპარაკონ, წაახალისონ, რომ ემოციები უფრო თამამად გამოხატოს. მშობელი მწუხარებისას ღია უნდა იყოს შვილის მიმართ და შეინარჩუნოს კონტაქტი, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა.
7-11 წლის ბავშვები უკვე იწყებენ ლოგიკურად აზროვნებას, აცნობიერებენ, რომ სიკვდილი შეუქცევადია, ანუ ვინც კვდება, აღარ ცოცხლდება (თუმცა ზოგჯერ შეიძლება მაინც იფიქროს, რომ რაღაცის გაკეთება კიდევ შეიძლება).
ამ ასაკში ბავშვებს შესაძლოა აშინებდეთ და აშფოთებდეთ სხვა ადამიანების რეაქციები სიკვდილზე. ხშირად ისინი უფიქრდებიან, რამდენად სწორად რეაგირებენ თავად ვინმეს გარდაცვალებაზე.
გამორიცხული არ არის (ზოგჯერ ასეც ხდება), რომ 7-11 წლის ბავშვმა თვითმკვლელობაზეც კი იფიქროს, რაც, მისი აზრით, გარდაცვლილ საყვარელ ადამიანთან ყოფნის საშუალებას მისცემს. ამასთან ხდებიან ჩაკეტილები და შესაძლოა აგრესიაც გამოავლინონ ოჯახის წევრების მიმართ. ისინი სვამენ უამრავ კითხვას და მათზე კონკრეტული პასუხების გაცემას ითხოვენ.
საუკეთესო, რასაც მშობელი ამ დროს გააკეთებს, ისა, რომ გულახდილად ესაუბროს შვილს მის გრძნობებზე, უპასუხოს შეკითხვებზე და ყოველთვის მის გვერდით იყოს, როცა ბავშვი ლაპარაკს მოისურვებს. იმავდროულად მარტო დარჩენის საშუალებაც უნდა მისცეს, როცა მოინდომებს. კარგი იქნება, თუ მშობელი ბავშვს სიმბოლურ თამაშებს შესთავაზებს, რათა მან უკეთ გამოხატოს ემოციები.
11-18 წლის ბავშვს/მოზარდს უკვე შეუძლია აბსტრაქტული აზროვნება და აცნობიერებს, რა არის სიკვდილი. ამ ასაკში ბავშვების რეაქცია უფრო „დიდურია“: მათ შეიძლება არა მარტო მშობლებთან, არამედ სხვა უფროსებთან საუბარი მოისურვონ, შეიძლება თავი დათრგუნულად და გაბოროტებულად იგრძნონ, საზოგადოებაში გამომწვევად მოიქცნენ.
მშობელი არ უნდა შეეცადოს, რომ შვილს მწუხარების შეგრძნება აარიდოს. უბრალოდ უნდა უბიძგოს, რომ ყველა ემოცია ამოთქვას და ყურადღებით მოუსმინოს მას. მოკლედ, არ უნდა შეეცადოს სიტუაციის გაკონტროლებას, უბრალოდ შვილის გვერდით უნდა იყოს.

მწუხარების ეტაპები

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვები მწუხარებას სხვადასხვანაირად განიცდიან, ეს პროცესი ყოველთვის რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ესენია: შოკი, უარყოფა და ბრაზი, რის შემდეგაც გარდამავალი პერიოდი დგება, როდესაც დანაკარგის გაცნოებიერებას ცდილობენ.
მხოლოდ ამ ეტაპების გავლის შემდეგ ახერხებს ბავშვი მიიღოს, ანუ შეეგუოს საყვარელი ადამიანის სიკვდილს.
თითოეულ მათგანს ინდივიდუალური დრო სჭირდება მწუხარების გადასატანად და მშობელმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოახვიოს თავს შვილს „სწორი წესები“.
ყველა ახალი ამბავი
0