თუ ბავშვს შფოთვები და სტრესი აქვს: ეფექტური დახმარების ორი სცენარი

© Pixabay / fratoyanბავშვი ბნელ ოთახში
ბავშვი ბნელ ოთახში - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2023
გამოწერა
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თანამედროვე ბავშვები ხშირად განიცდიან სენსორულ გადატვირთვას, ვინაიდან ისინი ადრეული ასაკიდან არიან გარემოცული გაჯეტებით, საიდანაც უამრაც ნეგატიურ ინფორმაციას იღებენ — იქნება ეს სტიქიური კატასტროფები, ომები, უბედური შემთხვევები თუ სხვა, აცხადებენ სპეციალისტები.
ბავშვთა ფსიქოლოგების თქმით, მშობლებმა შესაძლოა ვერც კი გააცნობიერონ, რა ზემოქმედების ქვეშ არიან მათი შვილები ახალი ტექნოლოგიების გავლენით, რაც მათში შფოთვებსა და სტრესებს იწვევს. ამიტომაც არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბოლო დროს ბავშვებსა და მოზარდებში საგრძნობლად იმატა შფოთვითმა აშლილობებმა.
ბავშვებს, განსაკუთრებით მცირეწლოვნებს, არ ესმით, რომ მათი თავისა თუ მუცლის ტკივილების, დაძაბულობის ან გაღიზიანების მიზეზი შფოთვაა. ბავშვს უჭირს საკუთარ ემოციებში გარკვევა. მან იცის, როდის არის ბედნიერი ან ნაწყენი, მაგრამ უჭირს იმედგაცრუების, სევდისა თუ შფოთვის ამოცნობა.
სპეციალისტების თქმით, იმისთვის, რომ ბავშვმა თუ მოზარდმა შფოთვებთან და შინაგან დაძაბულობასთან გამკლავება ისწავლოს, შეგვიძლია ვიზუალიზაციის, ანუ მართვადი წარმოსახვის ტექნიკა შევთავაზოთ მას.

მართვადი წარმოსახვის სარგებელი

ეს არის მედიტაციური ტექნიკა, რომელიც სამედიცინო წრეებში უკვე აღიარეს ალტერნატიულ თერაპიულ მეთოდად. მართვადი წარმოსახვის მეშვეობით, რომლის ათვისებაც ბავშვებს საერთოდ არ უჭირთ, ისინი მარტივად აცნობიერებენ სხეულსა და გონებას შორის კავშირს.
სპეციალისტების თქმით, კაშკაშა სურათების წარმოდგენა ბავშვებისთვის იმიტომაა იოლი, რომ ფანტაზია მათ ბუნებრივად აქვთ განვითარებული. ეს ტექნიკა მათ სტრესებთან, ტკივილებთან, უძილობასთან, მძიმე განცდებთან (ვთქვათ, გამოცდის წინ), დეპრესიებთან, ყურადღების დეფიციტთან გამკლავებაში ეხმარება, ვინაიდან ამ დროს ისინი შინაგანი ხმის მოსმენასა და თავის განკურნებას სწავლობენ.

რით დავიწყოთ

წარმოსახვის მართვა გარკვეული სცენარებით მიმდინარეობს. მშობელმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაარკვიოს, რომელი სცენარი უფრო მიესადაგება მის შვილს. ვიზუალიზაცია მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ყოველგვარი ელექტრონიკის (ტელევიზორისა თუ კომპიუტერის) გარეშე უნდა ჩატარდეს. შეგიძლიათ ჩართოთ მშვიდი მუსიკა.
მშობელმა ბავშვს უნდა განუმარტოს, რომ ვიზუალიზაციის პროცესში ის გონებაში მის მიერვე შექმნილ ლამაზ და წყნარ ადგილებში იმოგზაურებს, საიდანაც მაშინ დაბრუნდება, როცა მოუნდება. ამ მოგზაურობაში ბავშვს შეუძლია ჰყავდეს პირადი მეგზური — ადამიანი, ცხოველი თუ სხვა რამ სულიერი არსება.
იმისათვის, რომ ბავშვმა მართვადი წარმოსახვისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, კარგი იქნება, თუ ამგვარ ვარჯიშებს კვირაში რამდენჯერმე ჩაატარებთ რამდენიმე თვის განმავლობაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სპეციფიკური პრობლემები ან დარღვევები აქვს, უმჯობესია ყოველდღიურად ივარჯიშოთ.
სპეციალისტები ორ სცენარს აცნობენ მშობლებს, რომლებიც თავიანთ შვილებს უნდა შესთავაზონ ვიზუალიზაციის პროცესში. ვარჯიშის დროს მშობელმა შვილის წარმოსახვა უნდა მართოს, უკარნახოს, სად არის და რას ხედავს, თუმცა აუცილებლად უნდა მისცეს დანახულის გააზრებისა და ფანტაზიის გამოყენების საშუალება.

სცენარი №1. დიდი თეთრი სახლი მოზარდებისთვის

ეს სცენარი ეხმარება მოზარდებს, მიაღწიონ მიზნებს და გაუმკლავდნენ ყოველდღიურ სტრესს.
მშობელმა შვილს უნდა წარმოადგენინოს, რომ გრძელ, თეთრი ქვიშით დაფარულ პლაჟზე მიდის. ესმის თოლიებისა და ტალღების ხმა. ფეხები თბილ ქვიშაში ეფლობა. თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს. უბერავს ზღვის თბილი ნიავი. მზე ანათებს და ათბობს მას. გრძნობს, რომ ეს სანაპირო მისია — მხოლოდ მისი.
ჩერდება და ოკეანეს გასცქერის. უყურებს ტალღების მშვიდ თამაშს, ხედავს, როგორ წყნარად მოლივლივებენ ისინი სანაპიროსკენ და მერე ისევ უკან ბრუნდებიან — ეს ოკეანის სუნთქვას ჰგავს.
მერე ხედავს დიდ თეთრ სახლს — ტაძრის ან სასახლის მსგავსს, რომელიც თითქოს უხმობს, იზიდავს მას. დაინტერესებული მოზარდი სახლთან მიდის და ხედავს, რომ კარი ღიაა და შედის შიგნით. ამ დროს ის სრულიად მშვიდადაა, ვინაიდან იცის, რომ საშიში არაფერია.
ის ვრცელ სასტუმრო ოთახში ხვდება, რომელშიც ბევრი მცენარე და ნახატებია. ხედავს ულამაზეს, მარმარილოს კიბეს და გრძნობს, რომ ზემოთ ასვლა უნდა.
ამ დროს აცნობიერებს, რომ მთელი გზა ზურგზე მძიმე ჩანთა ჰქონდა მოკიდებული — შფოთვებით, ნეგატიური გრძნობებით, საზრუნავითა და განცდებით სავსე. ეს ჩანთა უზომოდ აწვება, სტკენს მხრებსა და ზურგს. ის ნელ-ნელა იხსნის ჩანთას და თავს მსუბუქად გრძნობს, შვებით სუნთქავს.
ამის მერე უკვე თავისუფლად ადის კიბეებზე და ყოველი საფეხურის ავლისას თავს სულ უფრო მსუბუქად, ბედნიერად და მშვიდად გრძნობს, სულ უფრო აცნობიერებს აბსოლუტურ კომფორტსა და სიხარულს, რომელთა აღქმა-შეგრძნებაში აღარაფერი უშლის ხელს.
მეორე სართულზე დიდი ფანჯარაა ღია და იქიდან სივრცე ჩანს. ფანჯრის წინ ფუმფულა და უზომოდ კომფორტული თეთრი სავარძელი დგას. მოზარდი სავარძელში ჯდება და ოკეანეს გაჰყურებს — რამდენ ხანსაც უნდა, იმიტომ, რომ ეს მისი სახლია.

სცენარი №2. ჯადოსნური ნიჟარა ბავშვებისთვის

ეს სცენარი მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაა. ის მათ შფოთვებთან და შიშებთან გამკლავებაში დაეხმარება. მიაღებინეთ მას კომფორტული მდგომარეობა, დაახუჭინეთ თვალები და უთხარით, რომ რამდენჯერმე ღრმად და ნელა ჩაისუნთქ-ამოისუნთქოს.
შემდეგ წარმოადგენინეთ, რომ სანაპიროზეა. წარმოსახვაში დაახატინეთ პლაჟი, დაე, თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გამოიყურება იგი. მერე უთხარით, რომ ფეხქვეშ ქვიშა იგრძნოს, სახეზე კი მზის სითბო. მიმოიხედოს ირგვლივ და შეხედოს ოკეანეს, რომლის ზედაპირზეც ვარსკვლავებივით ციმციმებს მზის სხივები.
შემდეგ ქვიშას გახედოს, რომელზეც ულამაზესი ნიჟარა გდია — ყველაზე ლამაზი, რაც კი ოდესმე უნახავს. ბავშვი იღებს მას და ხელს უსვამს. ნიჟარა თბილია და გლუვი. ის ჯადოსნურია და ამიტომ ბავშვს შეუძლია, ყველა საიდუმლო გაუმხილოს — უთხრას, რა აწუხებს, რა პრობლემები აქვს, რისი ეშინია, რა აშფოთებს და ადარდებს, რა სურს.
ნიჟარა ყურადღებით მოუსმენს ბავშვს, ყველა საიდუმლოს გულში შეინახავს, არავის გაუმხელს, მხოლოდ მას ეცოდინება. მერე კი, როცა ბავშვი საუბარს მორჩება, ნიჟარა მის ყველა „სატკივარს“ ჩაკეტავს და გააქრობს. აბა რა — ეს ხომ ჯადოსნური ნიჟარაა.
მერე ბავშვმა ნიჟარა უნდა „შეინახოს“ და როცა რაიმე შეაწუხებს, აიღოს და ელაპარაკოს, გაუმხილოს სადარდებელი. ნიჟარა კი ისევ ჯადონურად გააქრობს პატარას პრობლემებს და დაამშვიდებს მას.
უფრო მეტი ეფექტისთვის, მშობელს შეუძლია მართლაც მიუტანოს შვილს ლამაზი ნიჟარა და ბალიშთან დაუდოს მას. იმის წარმოდგენა, რომ ჯადოსნური ნიჟარა გვერდით აქვს, უზარმაზარ სიმშვიდეს მოუტანს ბავშვს.
სხვა სასარგებლო რჩევები და სპეციალისტების რეკომენდაციები შეგიძლიათ ნახოთ აქ>>
ყველა ახალი ამბავი
0