თუ განქორწინებას აპირებთ: როგორ გავუმხილოთ შვილს გაყრის ამბავი - ფსიქოლოგი გირჩევთ

© Pexels / cottonbro studio
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2023
გამოწერა
განქორწინება რთული გამოცდაა მთელი ოჯახისთვის. იშვიათია შემთხვევა, როდესაც მეუღლეები სკანდალებისა და ჩხუბის გარეშე შორდებიან ერთმანეთს. ეს ყველაფერი კი დამანგრევლად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.
მაშ, როგორ უნდა შევატყობინოთ შვილს, რომ ოჯახი განქორწინებას გეგმავს?
მთავარი და უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელი ისაა, რომ მშობლებმა უსიამოვნო ამბავი ბავშვს მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაუმხილონ, რაც დაშორებას საბოლოოდ გადაწყვეტენ.

მერე კი:
ელაპარაკეთ ერთად: რა წყენა თუ პრეტენზიებიც უნდა არსებობდეს ცოლსა და ქმარს შორის, შვილს ერთად უნდა აუხსნან მომხდარი. ეს ბავშვს მიახვედრებს, რომ დედამ და მამამ გადაწყვეტილება ერთად მიიღეს და რომ „ერთი დამნაშავე“ არ არსებობს.
უფრო მეტიც, ეს დაეხმარება ბავშვს, შეინარჩუნოს მშობლების მიმართ ნდობა.
ელაპარაკეთ მარტივად: საჭირო არ არის, დაწვრილებით აუხსნათ შვილს გაყრის ყველა ნიუანსი და მიზეზი. საკმარისია უთხრათ, რომ ერთი კვირის შემდეგ ერთ-ერთი თქვენგანი სხვაგან იცხოვრებს, მაგრამ არ შეწყვეტს შვილთან ურთიერთობას და ხშირად წაიყვანს ხოლმე თავისთან.
ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ერთმანეთისთვის გადაბრალება და კრიტიკა.
აუხსენით მთავარი: დაარწმუნეთ ბავშვი, რომ თქვენი განშორება მისი ბრალი არ არის. ხშირად ისეც ხდება, რომ შვილი საუთარ თავს აბრალებს დედისა და მამის განქორწინებას და მიზეზების ძებნას იწყებს.
ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, აუცილებლად განუმარტეთ, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს მხოლოდ უფროსები იღებენ და ბავშვები ამაში დამნაშავეები არ არიან.
ნუ გადააბრალებთ: თავი აარიდეთ ბრალდებებს მეუღლის მიმართ — აგრესიითა და ბრაზით გაჟღენთილმა სიტყვებმა რომელიმე მშობლის შესახებ შესაძლოა ისე დააშინოს ბავშვი, რომ ძლიერი სტრესის საფუძველი გახდეს.
უფრო მეტიც, იმის გამო, რომ მას ეს „ცუდი მშობელი“ ძალიან უყვარს, დანაშაულის გრძნობა გაუმძაფრდება და ფსიქოლოგიურ პრობლემად ჩამოუყალიბდება მომავალში.

როდის ჯობს დაელაპარაკოთ შვილს განქორწინების თემაზე

უნდა იცოდეთ, რომ ამგვარი უსიამოვნო ამბის სათქმელად „შესაფერისი“ დრო უბრალოდ არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს მომენტები, როდესაც ამ საკითხზე შვილთან საუბარი დაუშვებელია:
დილით საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ;
მშობლების სამსახურში წასვლის წინ, როცა ბავშვი ბებიასთან ან ძიძასთან ერთად რჩება;
სტუმრად ან გასართობად სადმე წასვლის წინ;
ძილის წინ.
ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ:
ათ წლამდე ასაკის ბავშვებს იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მშობელი სხვაგან იცხოვრებს, ჯობს ორი-სამი დღით ადრე შეატყობინოთ. საქმე ისაა, რომ ამ ასაკში ბავშვისთვის ერთი კვირაც კი მარადისობას უდრის და საჭირო არაა მისი მწარე მოლოდინის მდგომარეობაში მოქცევა.
რაც შეეხება უფროსებს, ხშირ შემთხვევაში ისინი თავისით ხვდებიან მოსალოდნელ უსიამოვნებას და მათთვის რამის დამალვას აზრი არ აქვს. ჯობს ისევ თქვენგან გაიგოს ყველაფერი, ვიდრე მეზობლების ან ნაცნობებისგან.
თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, თანაც ყველა დაახლოებით ერთი ასაკის, ელაპარაკეთ ყველას ერთად; ხოლო თუ მათ შორის სხვაობა დიდია (ვთქვათ ერთი ბაღში დადის, მეორე კი მოზარდია), დაელაპარაკეთ ჯერ უფროსს, მერე კი უმცროსს.
დაიმახსოვრეთ: ცუდი არ იქნება, თუ ფსიქოლოგს დაიხმართ!
სპეციალისტთან საუბარი მინიმუმამდე დაიყვანს სტრესს, შეამცირებს აგრესიას ერთი რომელიმე მშობლისადმი, ბავშვი მიხვდება, რომ ის ერთადერთი არაა, ვისაც მსგავსი დაემართა და, რაც მთავარია, გაიაზრებს, რომ ამით სამყარო არ დანგრეულა.
ამასთან, მშობელი კარგად უნდა მოემზადოს შვილთან დასალაპარაკებლად. წყენისგან აკანკალებული ხმა, ცრემლები და ნერვიული ჟესტები ბავშვს მძიმე სტრესში ჩააგდებს და ბევრად დიდხანს იქნება მძიმე განცდებში.
სხვადასხვა ასაკის ბავშვებს სხვადასხვა მოცულობით უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლების გადაწყვეტილების შესახებ.
მაგალითად:

თუ თქვენი შვილი 1-5 წლისაა:

3 წლამდე ბავშვები ყურადღებას აქცევენ არა იმდენად სიტყვებს, რამდენადაც ინტონაციას, მიმიკასა და ჟესტებს. ამიტომ მშობლებმა აუცილებლად უნდა აკონტროლონ საკუთარი შინაგანი მდგომარეობა, ემოციები და დაარწმუნონ პატარა, რომ არაფერი საშინელი არ მომხდარა.
ეს რთულია, მაგრამ აუცილებელია ბავშვის სიშვიდისთვის!

თუ თქვენი შვილი 6-10 წლისაა:

ამ ასაკში ბავშვები ოჯახს ურყევ და მტკიცე ნაგებობად განიხილავენ. ამიტომ განქორწინების შესახებ ინფორმაცია მან შესაძლოა საშინელ ტრაგედიად აღიქვას.
მშობლებმა აუცილებლად უნდა დაარწმუნონ შვილი, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ, რომ ძველებურად უყვართ. ჯობს მაშინვე დაუკონკრეტოთ, რომელ დღეებში წაიყვანს ხოლმე თავისთან ოჯახიდან წასული მშობელი (არა „როგორც კი თავისუფალი დრო გამიჩნდება“, არამედ „ყოველ შაბათს“). ეს ბავშვს თავდაჯერებულობას შესძენს და უფრო მშვიდადაც იგრძნობს თავს.

თუ თქვენი შვილი 11-15 წლისაა:

ამ ასაკში, რაოდენ მშვიდად და გაწონასწორებულადაც არ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია, მშობლების გაყრის ამბავს მოზარდები უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამენ. ამგვარ ვითარებაში დახმარება შეგიძლიათ სთხოვოთ ისეთ ვინმეს, ვისაც თქვენი შვილი პატივს სცემს და ენდობა. ეს შეიძლება იყოს თქვენი მეგობარი, უფროსი ნათესავი, მასწავლებელი, მწვრთნელი და ა.შ. უბრალოდ წინასწარ მოელაპარაკეთ მათ და მინიმუმამდე დაიყვანეთ ყველანაირი ნეგატივი.

თუ თქვენი შვილი 16 და მეტი წლისაა:

თინეიჯერებს, როგორც წესი, სურთ, რომ მშობლებმა ისინი თანატოლებად აღიქვან. შესაბამისად, საუბარი უნდა წარიმართოს ფორმულით „უფროსი-უფროსი“. ნუ ჩაუღრმავდებით დეტალებს, უბრალოდ მიეცით შვილს არჩევანის უფლება. დაე, თავად აირჩიოს, როდის და სად შეხვდეს ხოლმე ოჯახიდან წასულ მშობელს.
და კიდევ: არ ღირს თქვენი თინეიჯერი შვილები ოჯახურ ფსიქოლოგებად აქციოთ და მათთან იმსჯელოთ ყველა იმ წყენაზე, რაც ყოფილმა მეუღლემ მოგაყენათ.

გახსოვდეთ: სიყვარულსა და ყურადღებას სასწაულების მოხდენა შეუძლია!

ყველა ახალი ამბავი
0