რამდენით და რატომ შემცირდა ინფლაცია მარტში?

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2023
გამოწერა
პროგნოზი ოპტიმისტური იყო, თუმცა შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ინფლაციამ საგრძნობლად მოიკლო. რა ფაქტორები განაპირობებს ინფლაციის შემცირებას ბოლო პერიოდში და როგორია პერსპექტივა?
საკამათო არ არის, ორიოდე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კი, მაგრამ რა ითქვა ასეთი? − შესაძლოა, მომმართოს მკითხველმა და ამ რეპლიკით მეტი კონკრეტიკისკენ მომიწოდოს. მართალიც იქნება. რა გაეწყობა, განვმარტავ.
შეგახსენებთ, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ჯერ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის შედეგად სამყარო გლობალური გამოწვევის, მზარდი ინფლაციის წინაშე აღმოჩნდა. 2020-2021 წლების მიჯნაზე მსოფლიომ შექმნილ მძიმე რეალობას თითქოს ალღო აუღო, მაგრამ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან მალევე ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანა იყო, რომელიც 2021 წლის ივლისიდან მოყოლებული 18 თვის განმავლობაში ორნიშნა ინფლაციის პირობებში ცხოვრობდა. გასული წლის გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი 13,3–11,5 პროცენტის დონეზე მერყეობდა.
საგულისხმოა, რომ სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან სულ უფრო ხშირად გვესმოდა ოპტიმისტური განცხადებები წლის ბოლოსათვის ინფლაციის შესაძლო შემცირებისა და 2023 წლის მეორე ნახევრისთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოების შესახებ. საქართველოში ინფლაციური პროცესების ამ სცენარით განვითარების ვარაუდს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც იზიარებდნენ.
„პროკრედიტ ბანკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
ინფლაცია იკლებს, მაგრამ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, პროგნოზი ნაწილობრივ მართლდება. თავად განსაჯეთ, გასული წლის ბოლოს ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდა, 9,8 პროცენტი შეადგინა და პოზიტიური დინამიკა ამჟამადაც გრძელდება. მიმდინარე წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 9,4 პროცენტი, ხოლო თებერვალში 8,1 პროცენტი იყო. კი, მაგრამ რატომ ნაწილობრივ? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. მოგახსენებთ, ინფლაციის შემცირების ტემპი იმაზე სწრაფია, ვიდრე ვარაუდობდნენ. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც შედეგმა საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბა.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ეროვნულ ბანკსა და ანალიტიკურ წრეებში იყო ვარაუდი, რომ მარტში ინფლაცია, საუკეთესო შემთხვევაში, 6,0–6,5 პროცენტის ფარგლებში იქნებოდა.
„ჩვენი ვარაუდით, ინფლაცია კიდევ უფრო დაიკლებს და მარტი-აპრილის თვეებში 6-7 პროცენტს შეადგენს“, − განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
„როგორც მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო, ინფლაციას აქვს მკვეთრად გამოხატული შემცირების ტენდენცია და მოსალოდნელია, რომ ეს გაგრძელდება შემდეგ თვეებშიც. ინფლაცია უახლოეს თვეებში 5,5–6,0 პროცენტი, ხოლო წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა იქნება“, − აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა.
„ჩვენ ახლა ვვარაუდობთ, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ამ წლის მარტსა და აპრილში კიდევ უფრო შემცირდება – მარტში 6 პროცენტამდე, ხოლო აპრილში 5 პროცენტამდე“, − განაცხადა ანალიტიკოსმა ოთარ ნადარაიამ.
ათასში ერთხელ ხომ შეიძლება, მავანნი ხალხისთვის სასიკეთოდაც შეცდნენ? დიახ, შეიძლება და ამ შემთხვევაში სწორედ ასე იყო!
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 5,3 პროცენტი შეადგინა, რაც თებერვლის ამავე მაჩვენებელზე 2,8 პროცენტით ნაკლებია. თუ ამ ნიშნულს წინამდებარე სტატიაში მოყვანილ სავარაუდო მაჩვენებლებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ცდომილება 0,7–1,7 პროცენტის ფარგლებშია.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2023
რატომ გაიზარდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი?
რამ განაპირობა ინფლაციის შემცირების ამგვარი ტემპი? ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა შეფასებით, ბოლო პერიოდში ინფლაციის მკვეთრად შემცირებას ხელს უწყობს საშინაო საგარეო ფაქტორები. კერძოდ, საშინაო ფაქტორებიდან ანალიტიკოსები ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასა და იმ ახალ საკრედიტო რეგულაციებს გამოყოფენ, რამაც საფინანსო ბაზარზე ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ჭარბი ფულადი მასის, ლარის მიმოქცევა. რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობპროდუქტის გაიაფება, სატრანსპორტო გადაზიდვების საფასურის შემცირება.
კარგი იქნება, გადავხედოთ ინფლაციის სტრუქტურას, როგორი იყო მარტის თვეში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა თუ მომსახურების ჩამონათვალი.
გაძვირების 12,4 პროცენტით სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფი, თებერვლის მსგავსად, რეიტინგს ამჯერადაც სათავეში უდგას. გასული წლის ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, ეს ჯგუფი მუდმივად ხვდება პირველ სამეულში. ანალიტიკოსთა შეფასებით, ჯგუფში ფასების ზრდა გასული წლის პირველი კვარტლიდან მოყოლებული ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი მატების შედეგია. ჯგუფის წლიური ინფლაციის თებერვლის მაჩვენებელი 14,8 პროცენტი იყო.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა ფასების ზრდის 11,8 პროცენტით რეიტინგში მეორე პოზიცია შეინარჩუნა. ცალკეულ სახეობებზე ფასების ცვლის დინამიკა: ბოსტნეული და ბაღჩეული 28,8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები 16,8 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი კი 13,6 პროცენტით გაძვირდა. თევზეულის ფასმა 10,9 პროცენტით მოიმატა. ხორცი და ხორცის პროდუქტები 10,4 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები კი 10,1 პროცენტით გაძვირდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
რატომ მცირდება ინფლაცია და რა ბედი ეწევა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას?
ყავა, ჩაი და კაკაო 8,7 პროცენტით არის გაძვირებული. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 2,7 პროცენტითაა გაძვირებული. ამასთან, ხილისა და ყურძნის ფასებმა 2,4 პროცენტით დაიკლო. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების წლიურად მატების თებერვლის მაჩვენებელი 14,0 პროცენტი იყო.
სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფს გასული წლის ნოემბრის შემდეგ, ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში რეიტინგში მეოთხე პოზიცია ეკავა, თუმცა, მარტის თვის მონაცემებით, ფასების ზრდის 11,3 პროცენტით ის პირველ სამეულშია. თებერვალში ამ ჯგუფში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12,2 პროცენტი იყო.
რეიტინგში მეოთხე პოზიცია გაძვირების 11,1 პროცენტით, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფს უკავია. საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადი 35,1 პროცენტით გაიზარდა, საცხოვრისის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 7,4 პროცენტით.
საგულისხმოა, რომ ეს ჯგუფი გასული წლის დეკემბრის თვიდან მოყოლებული თებერვლის ჩათვლით ზედიზედ სამჯერ პირველ სამეულში იყო. თებერვალში წლიური გაძვირების მაჩვენებელი 12,4 პროცენტი იყო.
გაძვირების 7,2 პროცენტით ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეიტინგის პირველ ხუთეულში პირველად არის ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფი. წლიური ინფლაციის თებერვლის მაჩვენებელი 7,3 პროცენტი იყო, მაშინ ამ ჯგუფს მეექვსე პოზიცია ეკავა ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფის შემდეგ.
როგორ განაწილდა რეიტინგის მომდევნო პოზიციები? განათლების ჯგუფს ფასების ზრდის 6,6 პროცენტით მეექვსე ადგილი უკავია. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფი, სადაც წლიურ ჭრილში ფასებმა 5,7 პროცენტით მოიმატა, რეიტინგში მეშვიდეა. გაძვირების 3,5 პროცენტით შემდეგია დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფი. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 3,4 პროცენტით გაძვირდა და, შესაბამისად, ამ ჯგუფს მეცხრე პოზიცია უკავია.
ჩამონათვალში არის ის ჯგუფებიც, სადაც წლიურ ჭრილში ფასები შემცირებულია. ყველაზე მეტად ფასმა ჯანდაცვის ჯგუფში დაიკლო. გაიაფების ნიშნული 9,1 პროცენტია. „საქსტატის“ ინფორმაციით, ფასებმა 20,5 პროცენტით დაიკლო სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე. ამავე დროს, 11,2 პროცენტით გაძვირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, ხოლო საავადმყოფოების მომსახურებაზე ფასებმა 7,5 პროცენტით მოიმატა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასებმა 8,0 პროცენტით დაიკლო. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები 15,0 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე კი 3,2 პროცენტით შემცირდა. ფასები 13,9 პროცენტით გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე.
ფასებმა 3,6 პროცენტით დაიკლო კავშირგაბმულობის ჯგუფში.
ორიოდე სიტყვა პროგნოზზეც ვთქვათ. არის მოლოდინი, რომ ინფლაციის კლების ტენდენცია უახლოეს თვეებშიც გაგრძელდება და, შესაძლოა, მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც 3 პროცენტია, არა საშემოდგომოდ, არამედ ზაფხულში მიუახლოვდეს. ახლა საინტერესოა, როგორ აისახება ინფლაციის მარტის თვის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 10 მაისის სხდომის გადაწყვეტილებაზე. ქვეყანაში დაიწყება თუ არა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ანუ მონეტარული პოლიტიკის შერბილება.
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0