ეკა ბესელია: რა მიზნით ხვდება პრეზიდენტი ოპოზიციონერებს

© photo: AFP 2020 / ERIC PIERMONTსაალომე ზურაბიშვილი
საალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
გამოწერა
დღეს ურთიერთობა სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს პოლიტიკოსებთან დეპოლარიზაციის მისაღწევად, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი პირობაა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სამართლიანი საქართველოს“ ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში.
მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ზურაბიშვილი ახალი მოძრაობის შექმნას და ამისთვის ოპოზიციიდან ქალი დეპუტატების მოზიდვას აპირებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 აპრილს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრა აპოლიტიკურია.

„როგორც ვიცი, ის აპირებს ყველასთან საუბარს, უფრო მეტიც, რომ ეს პროცესი იყოს უპარტიო და არანაირი პოლიტიკური მოძრაობა ან მსგავსი, პირიქით, ყველას, ვისაც აქვს სურვილი და იტყვის, რომ „საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახშია", ყველას შეუძლია იყოს ამ პროცესის თანამონაწილე“, – განაცხადა ბესელიამ.

ზურაბიშვილი ადრეც ცდილობდა საზოგადოებაში „ეროვნული თანხმობის“ მიღწევას, 2021 წლის დეკემბრიდან დაიწყო შეხვედრები პოლიტიკოსებთან, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. 2022 წლის ზაფხულში საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, მიიღო უარი ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. 2023 წლის ბოლომდე სტატუსის მისაღებად საჭიროა 12 რეკომენდაციის შესრულება, მათ შორის დეპოლარიზაციის დაძლევა.
ზურაბიშვილმა უარყო ხმები ქალთა მოძრაობის შექმნის შესახებ >>

„პრეზიდენტს სურს გადადგას ნაბიჯები 12-დან პირველი პუნქტის მიმართულებით – პოლარიზაციის დასრულებისკენ და პროცესის მონაწილეებად გააერთიანოს ყველა პოლიტიკური ლიდერი თუ სოციალური მოძრაობისა და სხვადასხვა ჯგუფის სრულიად განსხვავებული გემოვნებისა და ხედვის წარმომადგენელი“, – განაცხადა ბესელიამ.

ბესელიამ დაამატა, რომ ცოტა ხნის წინ შეხვდა ზურაბიშვილს, რომელიც იყო დამაჯერებელი იმაში, რომ უფრო მეტის გაკეთება სურს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიდრე ხელისუფლების დანარჩენ წარმომადგენლებს.
ბესელიამ, რომელმაც 2019 წლის თებერვალში „ქართული ოცნება“ სკანდალით დატოვა, პრეზიდენტის ბოლო გამოსვლას პარლამენტში ბრწყინვალე უწოდა. განსხვავებული აზრი აქვთ მმართველი პარტიის ლიდერებს, რომლებიც პრეზიდენტის კრიტიკის მთავარ ობიექტად იქცნენ. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლამ პოლარიზაციას, პირიქით, ახალი ბიძგი მისცა.
ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში და მცდელობაში, დაერწმუნებინა მოსახლეობა იმაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
„ქართულმა ოცნებამ" თავისი ცხრაწლიანი პროდასავლური კურსიდან გადაუხვია - პრეზიდენტი >>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
დღეს ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ იმყოფება >>
ურთიერთობის გაუარესების შესახებ ცნობილი გახდა ზურაბიშვილის პრეზიდენტობის სამი წლის თავზე. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის პირველი, თავიდან ფრთხილი მცდელობა პრეზიდენტს 2021 წელს ჰქონდა.
დღეს პრეზიდენტი უკვე მწვავედ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“. მაგალითად, მან ღიად დაუჭირა მხარი უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს. „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი თავის განცხადებებს „გლობალური ომის პარტიის“ გავლენით აკეთებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკიდურესად შეზღუდულია.
ყველა ახალი ამბავი
0