ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

© courtesy of National Assessment & Examinations Center of Georgiaაბიტურიენტები
აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2023
გამოწერა
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანას აბიტურიენტები აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეძლებენ.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა – 45 ათასზე მეტი დარეგისტრირდა, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 3 აპრილს დასრულდა. აბიტურიენტების რეგისტრაცია ცენტრის ვებ-გვერდზე მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში იყო შესაძლებელი.
ცენტრის ცნობით, აბიტურიენტების გარდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.
2023 წელს ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევა - დეტალები>>>
რაც შეეხება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციას, მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მისაღებ გამოცდაზე კი 2, 5 ათასამდე პირი.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ტარდება.
რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ (3 აპრილი) აბიტურიენტს არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე კი (13 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს ჩასაბარებელი საგანი (წაშალოს, დაამატოს), გამოცდის ენა ან აირჩიოს კონკურსი (შემოქმედებითი ტური).
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

„თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნა შესაბამისი გრაფა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ქვეყნის მასშტაბით 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. საგამოცდო ცენტრები გახსნილი იქნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრი ამბროლაურში დაემატა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0