2023 წელს ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევა - დეტალები

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
სიახლეების მიზანია ტესტების უფრო მეტად დახვეწა, აღნიშნეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში გარკვეული სიახლეები შევა, ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცვლილებები, რომლებიც შეეხება ფორმატს და არა არსებითად შინაარსობრივ მხარეს, დაინერგება ისტორიის, მათემატიკისა და უცხო ენების ტესტებში.
ისტორიის ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელშიც აბიტურიენტს მოუწევს: ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა; ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა. მათ ასევე უნდა გამოავლინონ ისტორიული მოვლენების შეფასების, ისტორიული მოვლენების/ფაქტების კრიტიკული გააზრების, არგუმენტირებული მსჯელობისა და შეფასების უნარები.

„ერთ ისტორიულ მოვლენაზე ფოკუსირებულ აბიტურიენტს შეუძლია უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად იმსჯელოს მოცემულ თემატიკაზე და უკეთ გამოავლინოს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები“, – აღნიშნავენ ცენტრში.

საგამოცდო დროის ხანგრძლივობა იგივე დარჩება (2 საათი და 40 წუთი). აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
რაც შეეხება მათემატიკის ტესტს, 2023 წელს მასში 41 დავალება შევა. ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი, ასეთი იქნება 37 დავალება. ასევე იქნება 4 „ღია“, წერითი დავალება.
გასული წლის მსგავსად, ტესტის შესასრულებლად აბიტურიენტებს კვლავ სამი საათი ექნებათ. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
© courtesy of National Assessment & Examinations Center of Georgiaაბიტურიენტების რეგისტრაცია გამოცდების წინ
Абитуриенты регистрируются перед экзаменом - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
აბიტურიენტების რეგისტრაცია გამოცდების წინ
უცხოური ენის ტესტების ფორმატში დამატებულია კომუნიკაციური სახის დავალება – დიალოგის შევსება. ეს დავალება ჩაანაცვლებს წერის პირველ დავალებას – წერილს.
გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით. აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული 4 პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი და 30 წუთი.
როგორც ცენტრში განმარტეს, საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები პერიოდულად იცვლება სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. შარშან სიახლეები შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის ტესტების ფორმატს. სიახლეების მიზანია ტესტების უფრო მეტად დახვეწა, აღნიშნეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩასარიცხად აბიტურიენტები აბარებენ სამ სავალდებულო გამოცდას - ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხოურ ენას და ერთ არჩევით საგანს - ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
წყარო - გამოცდების ეროვნული ცენტრი
ყველა ახალი ამბავი
0