მიუნხენში ქართველი ვირტუოზი პიანისტის კონცერტი გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerსანდრო ნებიერიძე
სანდრო ნებიერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2023
გამოწერა
სანდრო ნებიერიძე იგორ სტრავინსკის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში 12 მაისს ქართველი ვირტუოზი პიანისტისა და კომპოზიტორის სანდრო ნებიერიძის კონცერტი გაიმართება, ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის განცხადებაში.
სანდრო ნებიერიძე წარდგება მაესტრო ჯუზეპე მონტესანოსთან და სტუდენტურ ორკესტრთან ერთად. საღამოზე იგორ სტრავინსკის საფორტეპიანო კონცერტი შესრულდება.
„დიდი სიხარულით გაცნობებთ რომ 12 მაისს, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტში, მაესტრო ჯ. მონტესანოსთან და სტუდენტურ ორკესტრთან ერთად დიდი ხნის ოცნებას ავიხდენ: შევასრულებ ჩემი ძვირფასი და სათაყვანებელი კომპოზიტორის - იგორ სტრავინსკის საფორტეპიანო კონცერტს!“ - დაწერა ნებიერიძემ სოციალურ ქსელში.
კონცერტი მთლიანად ჩაიწერება და ყველა მსურველი მოგვიანებით მის მოსმენას შეძლებს.
გიგაშვილმა რუბინშტეინის კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა >>
სანდრო ნებიერიძე 22 წლისაა. იგი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სემინარიის (პედაგოგი - ლალი სანიკიძე) კურსდამთავრებულია. ფორტეპიანოს პარალელურად იგი მაკა ვირსალაძის კლასში კომპოზიციას ეუფლებოდა.
ნებიერიძე არის ოპერის, საფორტეპიანო და სხვა საკრავებისთვის განკუთვნილი თხზულებების ავტორი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მათ შორის: Musica, Sepashvili Klavierwettbewerb (2009, I პრემია); ვილნიუსში Balys Dvarionas International Piano Competition (ლიეტუვა, 2012), კიევში საერთაშორისო მუსიკალური კონკურს-ფესტივალის (უკრაინა, 2013), Astana Piano Passion (ყაზახეთი, 2015, I პრემია).
პიანისტი გასტროლებს მართავს საქართველოსა და ევროპაში. თავისი გამოსვლების დროს ასრულებს საკუთარ ნაწარმოებებსაც.
ყველა ახალი ამბავი
0