გიგაშვილმა რუბინშტეინის კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

© courtesy of Arthur Rubinstein International Piano Master Competition Tel Avivგიორგი გიგაშვილი
გიორგი გიგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
ქართველმა პიანისტმა ასევე მიიღო ფულადი პრიზი 20 ათასი დოლარის ოდენობით.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ქართველმა პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა მე-17 საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.
არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი 1974 წლიდან თელ-ავივში ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს კონკურსი 14-დან 31 მარტამდე პერიოდში გაიმართა.
ფინალში გიგაშვილმა შეასრულა პროკოფიევის მესამე კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის. ის ერთადერთი ფინალისტი იყო, რომელსაც გამოსვლის შემდეგ ფეხზე წამომდგარი მსმენელი დარბაზში ტაშს უკრავდა რამდენიმე წუთის განმავლობაში.
გარდა ვერცხლის მედლისა, გიგაშვილს 20 ათასი დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდოც ერგო.
კონკურსზე პირველი ადგილი 18 წლის კანადელმა კევინ ჩენმა დაიკავა. მან ფინალში ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. მესამე ადგილზე იაპონელი იუკინე კუროკი გავიდა, რომელმაც ფერენც ლისტის პირველი კონცერტი შეასრულა.
დაჯილდოების ცერემონია 31 მარტს იმართება. პირდაპირი ტრანსლაცია – ბმულზე.
კონკურსის პირველ ეტაპზე 39 პიანისტი შეირჩა, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე მხოლოდ 16 მათგანი გადავიდა, მათ შორის – გიგაშვილი.
გიგაშვილი მესამე ქართველი პიანისტია, რომელიც რუბინშტეინის სახელობის კონკურსის გამარჯვებულთა რიცხვშია. 1995 წელს ალექსანდრე კორსანტიამ პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 2008 წელს ხატია ბუნიათიშვილმა – მესამე.
გიორგი გიგაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ქართველი პიანისტია. წარმატებით მართავს კონცერტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ – აშშ-ში, პოლონეთში, ესპანეთში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. გიორგი თანამშრომლობს კამერულ ანსამბლებთან და ორკესტრებთან, ასევე მონაწილეობს ფესტივალებსა და მასტერ-კლასებში მთელ მსოფლიოში.
2019 წელს გიგაშვილი მუსიკალური ხელოვნების ნომინაციაში წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0