„ცეცხლს ეთამაშება" - „ვივამედის" გენერალური დირექტორი სააკაშვილზე

© courtesy of Nino Nadiradzeნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2023
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის უარი მკურნალობაზე და სათანადო კვებაზე არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მისი პრობლემების მიზეზი, მიიჩნევენ კლინიკაში.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ბრძოლა, რომ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ, განაცხადა კლინიკა „ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ.
სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" 2022 წლის მაისიდან იმყოფება. მისი ოჯახი, ავოკატები და თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მათი თქმით, „ვივამედში" მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობაც არასწორად უტარდება.

„ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ... თითოეული შენარჩუნებული გრამიც რომ იყოს ნამატი, ამის თქმაც გვეშინია, რადგან ეს აღიქმება საშინლად მძიმედ და აღარ ვიცით რა გაგვიხარდეს – კარგად ყოფნა თუ ცუდად ყოფნა", – განაცხადა ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE"

ნადირაძის თქმით, კლინიკის მთელი კოლექტივი აღმოჩნდა ისეთი დილემის წინაშე, რომელთანაც არასდროს ჰქონია საქმე. მან ასევე აღნიშნა, რომ არ სრულდება ის დანიშნულება, რაც აუცილებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
„ჩვენს სტაფს შევადარებდი კრივის „მსხალს", რომელსაც ყველა ურტყამს და უკან ხმის ამოღების უფლება არ გაქვს. იმდენი ცინცხალი ტყუილი ჟღერდა – იცი, რომ ამდენი კილოგრამია და უცებ აცხადებენ, რომ 10 კილოგრამით ნაკლებია. ფაქტობრივად თავს ვერ იცავ. მათ აქვთ უფლება, ნებისმიერი ტყუილი გააჟღერონ, ჩვენ კი ვართ ისეთი შანტაჟის, წნეხის, ზეწოლის ქვეშ..." – განაცხადა მან.
სააკაშვილის მდგომარეობა
იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის" ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეულია მის მიერ ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე უარით, მათ შორის, საჭირო კალორიის მქონე საკვების მიღებაზე.
როგორც კი მდგომარეობა უმჯობესდება, მკურნალობაზე უარს აცხადებს - ექიმი სააკაშვილზე>>
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
ორი თვის შემდეგ, 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. კომპლექსური სამედიცინო დასკვნა შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს. მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
ირაკლი ჩიქოვანი: ევროდეპუტატებმა უნდა გაიგონ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მანიპულატორია>>
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი გათავისუფლების მისაღწევად თვითდაზიანებით არის დაკავებული, მიირთმევს დაბალკალორიულ საკვებს და რეგულარულად უარს ამბობს სამედიცინო დანიშნულების შესრულებაზე. მისი მდგომარეობის გაუარესება სწორედ ამით არის გამოწვეული, აღნიშნა ბრეგაძემ. ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი უბიძგებენ მას ასეთი საქციელისკენ.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრისაქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
„ვივამედის“ კლინიკა სააკაშვილის მკურნალობაზე უარს აცხადებს>>
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0