ირაკლი ჩიქოვანი: ევროდეპუტატებმა უნდა გაიგონ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მანიპულატორია

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების" მთავარი ოფისი
„ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2023
გამოწერა
ევროპარლამენტის ზოგიერთ დეპუტატს სააკაშვილი სინათლედ მიაჩნია, დანარჩენები – სიბნელედ, განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატებმა, რომლებსაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სინათლედ მიაჩნიათ, ხოლო ყველა დანარჩენი - სიბნელედ, უნდა გაიგონ, რომ ის პოლიტიკური მანიპულატორია, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროპარლამენტმა თებერვლის შუა რიცხვებში მიიღო რეზოლუცია, სადაც ლაპარაკია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ხელისუფლების მხრიდან ამაზე არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა.

„ვიდრე ევროპარლამენტარები არ მიხვდებიან, გაიაზრებენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელმაც შექმნა რეპრესიული მანქანა საკუთარ სახელმწიფოში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვიდრე ისინი არ დაინახავენ, რომ სააკაშვილი არის პირწმინდა პოლიტიკური მანიპულატორი, ჩვენ ნამდვილად ვერ შევთანხმდებით იმაზე, რა არის სწორი და რა – არასწორი", – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილი სპეკულაციებს გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ როგორ ექცევა მსჯავრდებულ სააკაშვილს სახელმწიფო.
„სამწუხაროდ, მათ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ სააკაშვილი არის სინათლე და ყველაფერი დანარჩენი სიბნელეა. ჩვენ ამ თემაზე მათთან ვერ შევთანხმდებით", – განაცხადა ჩიქოვანმა.
მან აღნიშნა, რომ საკითხის ასე ხედვას არ ეთანხმება არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ქართული საზოგადოებაც. შეუძლებელია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები უკეთ ჩანდეს ევროპული ქალაქებიდან, ვიდრე ამას ქვეყანაში მოქალაქეების უმეტესობა ხედავს.
„ეს ობიექტური რეალობაა. ჩვენ ამ თემაზე ვერ შევთანხმდებით", – განაცხადა ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE".
რატი ბრეგაძე: სააკაშვილს ერთი ხელის მოსმით ციხეში ვერ დავაბრუნებთ>>
მსჯავრდებული სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" იმყოფება. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ახლობლები და თანამოაზრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის" ექიმებმა, სადაც პაციენტი მკურნალობას გადის, განაცხადეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, მთავარი მიზეზი კი სრულფასოვან კვებაზე უარის თქმაა. ექიმები აცხადებენ, რომ ის კალორიების მხოლოდ იმ რაოდენობას იღებს, რომელიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად არის საჭირო და არა – ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო სარწმუნოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები მიიჩნია, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
2 მარტს ეს გადაწყვეტილება დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
სახალხო დამცველი: სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა საშიშია>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრისაქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0