სახალხო დამცველი: სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა საშიშია

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2023
გამოწერა
ექს-პრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს, ხოლო იძულებითი მკურნალობის საშუალებას კლინიკის პერსონალს სამედიცინო ეთიკა არ იძლევს, განაცხადეს კლინიკაში.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანა მისი ჯანმრთელობისთვის შეიძლება საშიში იყოს.
კლინიკა „ვივამედმა“, რომელშიც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან იმყოფება, მიმართა პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო სამსახურს, რათა განიხილონ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის მიზანშეწონილობა მკურნალობაზე უარის თქმის გამო. ექს-პრეზიდენტს არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.

„სახალხო დამცველმა (წინამორბედმა - რედ.) დააფიქსირა პოზიცია, რომ ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდა დაფიქსირებული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ომბუდსმენმა დაამატა, რომ მას არ სურს განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომელიც სააკაშვილის მდგომარეობას დაამძიმებდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს, ხოლო იძულებითი მკურნალობის საშუალებას კლინიკის პერსონალს სამედიცინო ეთიკა არ იძლევს. ხოლო სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა დარტყმის ქვეშ უკვე თავად კლინიკას აყენებს.
დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი ციხის საკანში >>
კლინიკის ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილის სტაბილურად მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, რომლებიც საკვების კალორიულობას ეხება.
იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მის მიერ ექიმების რეკომენდაციების შესრულებაზე და სრულფასოვან კვებაზე უარის გამო.
ოჯახი კი არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ უცხოეთშია გადასაყვანი სამკურნალოდ.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
სააკაშვილის ევროპელმა მეგობრებმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ - პაპუაშვილი>>
2 მარტს ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
„ვივამედის“ კლინიკა სააკაშვილის მკურნალობაზე უარს აცხადებს>>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0